იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „საქმიან დილასთან“ საუბრისას ლაბორატორიული კვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზა ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ კარგად მუშაობს და ის საწყისს იმუნურ პასუხს 22-ჯერ ზრდის.
„ბუსტერის ვადის შემცირების საფუძველი ის ახალი საფრთხე გახდა, რომელიც დღეს პანდემიის მიმდინარეობისას სერიოზული გამოწვევაა, მხედველობაში მაქვს ომიკრონი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება რეინფიცირების პროცესთან მიმართებით.
ამიტომ პირველი რეკომენდაცია, რაც ჯანმომ მიიღო, ეხებოდა ბუსტერ დოზების მაქსიმალურ გააქტიურებას, გუშინ საღამოთი გამოქვეყნდა ინფორმაცია პირველი კვლევის შედეგების, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბუსტერ დოზა. წარმოუდგენლად მაღალ მაჩვენებელზეა საუბარი, ის საშუალებას იძლევა საწყისი იმუნური პასუხი 22-ჯერ გავზარდოთ და ეს ეხება "ფაიზერს". შესაბამისად დღეს როცა მთელი მსოფლიო მოლოდინშია, რომ ყველა ქვეყანაში შეაღწევს ახალი მუტაცია, უკვე 52 ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით, ყველა იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. რეკომენდაციაა ასევე ვაქცინაციის გააქტიურება, მაგრამ იცით რომ ჩვენთან შეფერხებით მიდის ეს პროცესი და რესურსი ნაკლები გვაქვს. ბუსტერ დოზები კი ეხება მათ, ვინც უკვე ჩაიტარა და აქ ჩვენ იმედი გვაქვს რომ აქტიურობა იქნება მაღალი. ეს არის ის, რაც ჩვენ პასუხს მოგვცემს ომიკრონზე და არა მხოლოდ ომიკრონზე, დელტა შტამზეც ძალიან კარგად იმოქმედებს.
დღევანდელი კვლევები და სარწმუნო შედეგები ეხება "ფაიზერს", თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ადამიანების კატეგორია ემხრობა ჩინურს, დავუშვით ამ ტიპის ვაქცინის გამოყენება ამ ჯგუფისთვის. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ "ფაიზერი" აქ ნამდვილად პრიორიტეტია.“ - განაცხადა ჩხაიძემ.
მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.
უწყების ცნობით, "ფაიზერის" ბუსტერდოზის გაკეთება შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.
"სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრილთათვის კი ბუსტერ-დოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.




























