CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ ევროპული სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ''მანჩესტერ სიტის'' 22 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდია. პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშის ფასი ობსერვატორიამ €245.1 მილიონით განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდი ერთადერთია, რომლის საბაზრო ფასი 200 მილიონს აღემატება. სიაში მეორე ადგილზე ვინისიუს ჟუნიორია. 22 წლის ბრაზილიელი 196.3 მილიონი ევრო ღირს. ყველაზე ძვირადღირებულთა პოდიუმს 21 წლის ინგლისელი ბუკაიო საკა ასრულებს - 195.8 მილიონი ევრო.
ტოპ ასეულში მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელია - ხვიჩა კვარაცხელია, ''ნაპოლის'' 22 წლის შემტევი, რომელიც ახლახან იტალიის ჩემპიონი და სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა, ობსერვატორიის თანახმად 87.6 მილიონი ევრო ღირს და სიაში 25-ე პოზიციაზეა.