საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში “ციფრული ლარის” შემოღების პროექტზე მუშაობს. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ამბობს, საქართველოს შეუძლია ციფრული ვალუტის შექმნის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე იყოს.
ციფრული ეროვნული ვალუტის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომენტარი გააკეთა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც ამბობს, რომ ციფრულ ეროვნულ ვალუტას გააჩნია თავისი მინუსები და პლიუსები და მისი შექმნის პროცესში ისინი კარგად უნდა იყოს გაანალიზებული.
ამასთან, არჩილ გაჩეჩილაძე განმარტავს, რომ არსებული მდგომარეობით პროექტში საბანკო სექტორის ჩართულობა მინიმალურია.
“ციფრულ ლართან მიმართებით ჩვენი ჩართულობა, ჯერჯერობით, არის მინიმალური და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი როგორც უფრო განვითარდება ჩვენი ჩართულობაც მასში გაიზრდება. ბევრი სათქმელი ამასთან მიმართებით არ მაქვს. ციფრულ ლარს და საერთოდაც ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, ეს კარგად უნდა იყოს გააზრებული და დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში ყველაფერი იქნება გააზრებული", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა Forbes Talks-ის ფორმატში განმარტავს, რომ ციფრული ლარით სებ-ი გადახდის მოქნილი და თანამედროვე საშუალების შექმნას გეგმავს.
„ციფრული ლარით გვინდა ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება შევქმნათ.
ქაღალდის ფულის ტექნოლოგია შემუშავებულია ხუთი საუკუნის წინ. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, 21-ე საუკუნეში ვართ და გვაქვს ტექნოლოგიური რევოლუცია. იგივე პროცესი გაიარა ფინანსურმა ტექნოლოგიებმაც, ჩვენ ვიცით არაერთი კრიპტოვალუტა რომელიც სარგებლობს ახალი ტექნოლოგიებით, ვგულისხმობ პირველ რიგში, ბლოკჩეინს. ბლოკჩეინს აქვს საშუალება, რომ ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების მარტივად განვითარებას. ციფრულ ლარსაც სწორედ ეს მიზანი აქვს - რომ იყოს გადახდის უფრო თანამედროვე საშუალება“, - ამბობს პაპუნა ლეჟავა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი ტესტავს, ზოგმა უკვე დანერგა კიდეც, მათ შორის ჩინეთმა და ბაჰამამ. „ჩვენც გვინდა, ამ ტრენდის მოწინავე ვიყოთ“,- აცხადებს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.




























