საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის ტესტირების საპილოტე ფაზის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ციფრული ლარის დანერგვის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის ტექნოლოგიური პარტნიორია საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანია Ripple-ი, რომელიც საპილოტე პროექტში იქნება ჩართული.
“მსოფლიოში ყოველი 10-დან 9 ცენტრალური ბანკი ჩართულია CBDC-ის შექმნაზე ექსპერიმენტებში. ჩვენ დაახლოებით 2 წელი მოვანდომეთ, რომ თეორიულად გვეკვლია CBDC-ის თეორიული მოდელები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის. მოგეხსენებათ, ჩვენ ქვეყანაში ფინანსური ინფრასტრუქტურა ისედაც განვითარებულია, ფაქტობრივად მთელ მოსახლეობას აქვს ბარათი ან ციფრული საფულე.
ჩვენი მოსაზრებით მხოლოდ თეორიული კვლევა საკმარისი არაა, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ქვეყანაში ციფრული ლარი, ამიტომაც ვიწყებთ საპილოტე ფაზას.
ჩვენი ტექნოლოგიური პარტნიორი Ripple-ში მოწადინებული არიან, რომ ყველა მხარე ვინც შეიძლება იყოს დაინტერესებული ციფრული ლარით, მაგალითად ბიზნესები, ციფრული კომპანიები და ფინტეკები ამ პროცესში ჩაერთონ”, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სებ-მა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ღია საერთაშორისო შეთავაზება გააკეთა, რომელშიც გამარჯვებულად 2023 წლის ბოლოს Ripple-ი გამოვლინდა.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ პოტენციურად, ციფრულ ლარს ჭკვიანი კონტრაქტების (Smart Contracts) ჩაშენების ფუნქციონალი ექნება. არსებული ინფორმაციით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მათ შორის გატესტილი იქნება ტრანზაქციებში ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენების პოტენციალი.
ეროვნული ბანკის ვარაუდით, ტესტირების ეტაპის გავლას და ციფრული ლარის საპილოტე პროექტის 1-1.5 წელი შეიძლება გაგრძელდეს.