მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის ციფრული ლარი? - ეროვნული ბანკის განმარტება

ვარლამ ებანოძე

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ციფრული ბანკის შესახებ იმსჯელეს. ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ უპასუხა დეპუტატის კითხვას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ციფრული ლარი და რას მოუტანს მისი დანერგვა ყოფით დონეზე მოქალაქეეს.

„ერთ-ერთი ქეისი შესაძლოა იყოს ასეთი, რომ როცა იუსტიციის სახლში ერთი ადამიანიდან მეორეზე ქონებას ვაფორმებთ, ხანდახან ეს ორი ტრანზაქციის მხარე ხელჩაკიდებული დადის ხოლმე, რადგან ერთდროულად შეიძლება არ მოხდეს ქონების გადაცემა და ფინანსური ტრანზაქცია. გონიერი კონტრაქტი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანების ჩარევის გარეშე, კოდში გადავიდეს ეს რისკი - პროგრამის კოდში და ტრანზაქციები განხორციელდება დამატებითი დროის გარეშე. ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ ციფრული ლარი, როგორც ვალუტა, ასეთი დამატებითი ღირებულება კი არ იყოს, არამედ თვითონ ციფრული ლარის ირგვლივ შეიქმნას დამატებითი ღირებულებები.

ანუ ჩვენი კონცეფცია სხვა ცენტრალური ბანკების კონცეფციებისგან იმით განსხვავდება, რომ ორიენტირებულია მაქსიმალურად საქართველოს კონტექსტზე და საქართველოს საჭიროებებზე. ისეთი მაგალითები მოვძებნეთ, სადაც ციფრული ლარი შესაძლოა, თეორიულად ფინანსური ტრანზაქციების, უძრავი ქონების სახით გადაფორმებისას ერთის მხრივ რისკის გამწევ საშუალებად იქცეს, მეორე მხრივ ეს ამ ფინანსური ტრანზაქციიდან შუამავლების ამოვარდნას გამოიწვევს, თუ პროცესი პროგრამირების და გონიერი კონტრაქტის პირობებით განხორციელდება. უძრავი ქონების გარდა, ეს ყველანაირი ქონებრივი უფლების გადაცემას ითვალისწინებს, რომელსაც ყოველდღე ნებისმიერი ჩვენგანი, საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში წავაწყდებით“, - განაცხადა ებანოიძემ.

გარდა ამისა, დიჯიტალ ლარის დანერგვა მნიშვნელოვანია ეკოსისტემის კონტექსტშიც.

„ეკოსისტემის მხრივ რომ ვიმსჯელოთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა გურჯაანელი გლეხი, რომელსაც სეტყვის რისკი აქვს, ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ არსებული შუამავლები დაზღვევის პროცესში მაქსიმალურად იქნეს ამოვარდნილი. მაგალითად, სეტყვის მაგალითი თუ იქნება რომელიმე რეგიონში და დაისეტყვა კერძო საკუთრება, ახლა იქ უნდა მივიდეს ვიღაც, აღწეროს, ქაღალდები შეავსოს, მერე ეს ე.წ. ქეისი გადაგზავნოს სადაზღვევო კომპანიაში, რომელიც თავის მხრივ ეტყვის ბანკს ტრანზაქციის შესახებ, ერთი ბანკიდან მეორეში უნდა გადაინაცვლოს თანხამ და უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება დაუჯდეს გლეხს ეს თანხა იმ შემთხვევაში, თუ აქვს მას საშუალება პოლისი შეიძინოს, ხოლო პროგრამის მეშვეობით ტელეფონში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს სმარტკონტრაქტი, CBDC-ის მეშვეობით დაკავშირებული იყოს ამინდის პროგნოზთან, მოხდება სადაზღვევო ქეისი პროგრამაში, ადამიანის ჩარევის გარეშე ჯამდება ობიექტური გარემოებები, რის შემდეგაც ფინანსური ტრანზაქცია ავტომატურად მოხდება. ამიტომაც ვსწავლობთ ამ ტექნოლოგიას. ჯერჯერობით, სწავლის პროცესში ვართ და გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - თქვა ებანოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები