მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანულმა Sturgeon Capital-მა თბილისში საინვესტიციო კონფერენცია გამართა - შეფასებები

Sturgeon Capital

ბრიტანულმა საინვესტიციო ფონდმა, Sturgeon Capital-მა, რომელიც $300 მილიონის აქტივებს მართავს, 12-13 თებერვალს თბილისში საინვესტიციო კონფერენცია გამართა, რომლისთვისაც საქართველოში ასზე მეტი ინვესტორი, ვენჩურული კაპიტალისტი და სტარტაპერი ჩამოვიდა. თავად ის ფაქტი, რომ კონფერენცია საქართველოში ჩატარდა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Sturgeon Capital-ს ჩვენს ქვეყანაში არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მათ შორის “საქართველოს ბანკსა” და თიბისიში, ჯერ კიდევ ადრეულ 2000-იან წლებში.

“Sturgeon Capital-ი საინვესტიციო ფონდია, რომელიც $300 მილიონის აქტივებს მართავს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. პირველად, სხვათა შორის, საქართველოსი ინვესტიცია 2006 წელს დავაბანდეთ, როცა დავინახეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ადგილობრივი ფინანსური ინდუსტრია. დღეს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე ვფოკუსირდებით. საქართველო ადგილობრივი და რეგიონული ტალანტის ჰაბია და გვსურს, ქვეყნის მიმართ ინვესტორების ყურადღება გავზარდოთ - ამიტომაც გადავწყვიტეთ, საქართველოში ღონისძიება ჩაგვეტარებინა და აქ ბევრი საერთაშორისო ინვესტორის ჩამოგვეყვანა. გვსურს, მათ ადგილობრივი ტალანტები გავაცნოთ და ქართული სტარტაპ ეკოსისტემის სიღრმე ვაჩვენოთ. იმედი გვაქვს, ეკოსისტემის განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ”, - განაცხადა Sturgeon Capital-ის გენერალურმა დირექტორმა, კიან ზანდიემ TECH INFORM-თან საუბრისას.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს, როგორც სან-ფრანცისკოში საქართველოს კონსულმა, ლევან ყულიჯანაშვილმა, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა. როგორც დიპლომატმა TECH INFORM-თან საუბრისას განაცხადა, Stugeon Capital-ის ეს ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ფინტექის მიმართულებით ფართო თანამშრომლობის ნაწილია.

“Sturgeon Capital-ი ძალიან წარმატებული გლობალური ვენჩურული ფონდია, რომელსაც ინვესტიციები საქართველოშიც აქვს განხორციელებული. აღნიშნული ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ფინტექის მიმართულებით ფართო თანამშრომლობის ნაწილია. რამდენიმე წელია, რაც საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ფინტექ კვირეულებს უჭერს მხარს. საქართველოს ფინტექ-სექტორი ძალიან სწრაფად იზრდება. გაერთიანებული სამეფოს უშუალო დახმარებით, ჩვენი ორი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს შორის ათი ერთობლივი საწარმო დაფუძნდა. ამ სექტორს დიდი პოტენციალი აქვს”, - განაცხადა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა TECH INFORM-თან საუბრისას.

ბრიტანული საინვესტიციო ფონდის ეს ღონისძიება Startup Connect-თან პარტნიორობით და საქართველოს ეროვნული ბანკის, GITA-ს, “სილქ ბანკისა”, თიბისის და USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. BMG-ის ტექნოლოგიური გადაცემა TECH INFORM-ი კი, Sturgeon Capital-ის საინვესტიციო ფორუმის ექსკლუზიური მედიამხარდამჭერი იყო.

როგორც Startup Connect-ის დამფუძნებელმა, კოლინ დონოჰიუმ TECH INFORM-თან განაცხადა, Sturgeon Capital-ი იმ ხარისხსა და ღირებულებას ქმნის, რომლის დანახვა მას საქართველოში სურს.

“Sturgeon Capital-ი ძალიან სერიოზული ბრიტანული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ასობით მილიონის აქტივებს მართავს. ამასთან, ის ძალიან განვითარებული ინვესტორიცაა, რომელსაც კარგად ესმის ტენდენციები, ხოლო ინვესტიციებს სწორ ადამიანებში აბანდებს. Sturgeon Capital-ი ქმნის ხარისხს, რომლის ხილვა საქართველოში გვსურს. ჩვენს ქვეყანაში ვენჩურული ფონდის შექმნა ბევრს უნდა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს გარკვეული პროცესები არ გაუვლიათ, ხოლო Sturgeon-მა საქართველოში ოპერირება ჯერ კიდევ ოცი წლის წინ დაიწყო. ქართული ბაზარი მათ ძალიან კარგად იციან და მნიშვნელოვანია, ეს ცოდნა გამოვიყენოთ”, - განაცხადა კოლინ დონოჰიუმ.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ TECH INFORM-თან განაცხადა, Sturgeon Capital-მა საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის შექმნა გადაწყვიტა, რაც მისი თქმით, მისასალმებელია.

“Sturgeon Capital-ი ფინტექზე ორიენტირებული საერთაშორისო ბრიტანული ფონდია, რომელსაც საქართველოში არსებული გარემო კარგად აქვს შესწავლილი, რადგან პირველი ინვესტიცია ქართულ ფინანსურ სექტორში ამ ფონდმა ჯერ კიდევ 2006 წელს განახორციელა. ახლა კი, Sturgeon Capital-მა საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის შექმნა გადაწყვიტა, რაც მისასალმებელია”, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ TECH INFORM-თან.

საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის ფაქტი მოულოდნელი არ არის, რადგან, როგორც ცნობილია, Sturgeon Capital-ი საქართველოს კარგად იცნობს და ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მიმართ დადებითად და ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამის დასტურად ის რამდენიმე ინვესტიცია გამოდგება, რომელიც ფონდს საქართველოში აქვს განხორციელებული. დღეს, Sturgeon Capital-ის პორტფელში სამ ქართულ სტარტაპს ვხვდებით, ესენია Payze-ი, Cargon-ი და Klipy.

როგორც Payze-ის მმართველი პარტნიორი, გეგა წურწუმია TECH INFORM-თან ამბობს, ის, რასაც Sturgeon Capital-ს სხვა ვენჩურული ფონდებისგან გამოარჩევს - კომპანიის ქმედითობაა.

“ბევრი ვენჩურული ფონდი, როგორც წესი, განვითარებად ბაზრებში განხორციელებულ ინვესტიციებზე აპელირებს, მაგრამ ფაქტებს რომ შევხედოთ, Sturgeon Capital-ი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ჩვენთვის საინტერესო რეგიონში - კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში აქტიურად ინვესტირებს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ Sturgeon Capital-ის პორტფელში პირველი ქართული სტარტაპი ვართ. ჩვენ შემდეგ კი, Sturgeon-ს კიდევ ორი წარმატებული ქართული სტარტაპი დაემატა - Cargon-ი და Klipy. ეს ადამიანები, რეალურად, იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ, როცა იმას აკეთებენ, რასაც ამბობენ”, - აღნიშნა გეგა წურწუმიამ TECH INFORM-თან.

ბრიტანული საინვესტიციო ფონდის მიერ თბილისში ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოსული ინვესტორების წინაშე რამდენიმე ქართული სტარტაპი წარდგა. მომხსენებელთა შორის იყო DataMind-იც, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მათზე მორგებულ ანალიტიკურ ხელსაწყოებს სთავაზობს. როგორც კომპანიის ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბიწკინაშვილმა TECH INFORM-თან განაცხადა, ასეთი ღონისძიებები, სტარტაპერებს მნიშვნელოვანი უკუკავშირის მიღებაში ეხმარება.

“ეს კაპიტალის მოძიების, ინვესტიციისა და უკუკავშირის მიღების შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ინვესტორები იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იქმნება და როგორ წარმოუდგენიათ ამ სერვისების ექსპორტი. ასეთი შეხვედრები გვეხმარება, როგორც ჩვენ, ანუ სტარტაპებს, ასევე ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას”, - განაცხადა ირაკლი ბიწკინაშვილმა TECH INFORM-ში.

Sturgeon Capital-ი, როგორც გითხარით ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ვენჩურული ფონდია, რომელიც განვითარებად ბაზრებზე, უფრო კონკრეტულად კი კავკასიის ცენტრალური და სამხრეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ფოკუსირდება. Sturgeon Capital-ის პორტფელში ისეთ კომპანიებს ვხვდებით, რომლებიც ამ რეგიონებში ფინანსურ ინკლუზიურობას, სამუშაო ადგილების შექმნას და გაციფრულებას უზრუნველყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები