ბოლო წლებში, საქართველოში არაერთი საინვესტიციო ფონდი გამოჩნდა, რაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კაპიტალი, რომელსაც ინვესტორები სხვადასხვა კომპანიებში აბანდებენ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდი დაფუძნდა, რომელმაც ვექტორად, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია. ეს ფონდი FUTURELAB-ია, რომელიც პირველი ვენჩურული ფონდია ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ ბანკში არის რეგისტრირებული. ფონდის მიზანი საქართველოში პერსპექტიული იდეების მქონე ადამიანების აღმოჩენა და მათთვის პირველადი კაპიტალის მიცემაა, რომლითაც ისინი პროტოტიპს შექმნიან და იდეის ვალიდაციას შეუდგებიან.
“თავის დროზე, Apple-ის პროექტისა არავის სჯეროდა და სტივ ჯობსმა კომპანიის მესამედი Atari-ის დამფუძნებელს შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. შემდგომ, Apple-ში $350,000-იანი ინვესტიცია ვენჩურულმა ფონდებმა განახორციელეს და დღეს, კომპანიის ღირებულება სამ ტრილიონ დოლარს შეადგენს.
მჯერა, საქართველოში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც გლობალური პროდუქტების შექმნა შეუძლიათ. ჩვენ კი, ვენჩურული ფონდით და აქსელერაციის პროგრამით ამ ადამიანებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ინოვაციური პროდუქტების შექმნაში და ამ ქვეყნის 18-ტრილიონიან ბაზარზე გაფართოებაში დავეხმარებით.
დღეს, იდეის განვითარების ეტაპზე მყოფი ქართული სტარტაპებით გვაინტერესებს, ანუ ამ სტარტაპების მხარდაჭერას ადრეულ ეტაპზე ვახორციელებთ, რათა კომპანიებმა იდეა დატესტონ და გაარკვიონ, აქვს თუ არა მას პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე - ამ პროცესში ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან. შემდეგ, ისინი 10,000-ლარიან დაფინანსებას მიიღებენ, რათა შექმნან პროტოტიპი და ინვესტორების წინაშე საინტერესო მონაცემებით და განვითარების პოტენციალით წარდგნენ. ჯამში, ამ თანხით 50 სტარტაპს დავაფინანსებთ”, - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში”.
გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი და იქ არსებული საინვესტიციო კულტურა მეტად თავისებურია, ამ ბაზარზე მოსახვედრად და იქ წარმატების მისაღწევად შესაბამისი კონტაქტების დაგროვება არის აუცილებელი. როგორც ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, FUTURELAB-ის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ პარტნიორების ის ბაზაა, რომელიც სილიკონის ველის არაერთ ექსპერტს აერთიანებს.
“ჩვენი ფონდი, ჯერჯერობით, ქართულ სტარტაპებზე არის ორიენტირებული და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები ჩავრჩეთ, მათ შორის UC Berkeley და სტენფორდის უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის ბაზაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორი - StartX-ი არის შექმნილი და მისი მენტორი ჩვენს პროგრამაში მონაწილეობს. StartX-ის პროგრამის გავლის შემდეგ საშუალო შედეგი $11 მილიონია, ანუ კომპანია, რომელიც ამ აქსელერატორს გადის, საშუალოდ, სწორედ ამ თანხას იღებს ინვესტიციის სახით.
ჩვენი ვენჩურული ფონდის პარტნიორებს შორისაა უილ დეკერიც, რომელსაც ცხრა “უინიქორნის”, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე სტარტაპის აღმზრდელი სტარტაპ-აქსელერატორის მართვის გამოცდილება აქვს. ამასთან, ის წამყვან პოზიციაზე იყო Plug and Play-ში, რომელიც ასევე წამყვანი აქსელერატორია. უილ დეკერი კორპორაციული ინოვაციების განვითარებაში დაგვეხმარება, რაც კომპანიებისგან თანხების მოზიდვას და მათთვის სტარტაპებისა განვითარებას გულისხმობს.
ჩვენთან ერთადაა Oracle-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მარკ ივანოვსკიც. აი, სწორედ ეს სამი ადამიანი დაგვეხმარება, რომ საქართველოდან დავიწყოთ და მოგვიანებით აშშ-ში, სილიკონის ველზე გავფართოვდეთ, რადგან იქაური ინვესტორები საინტერესო პროექტებს ეძებენ. თან, თითოეული ეს ადამიანი მზად არის თავადაც გახდეს ინვესტორი.
ჩვენი ფონდის კონკურენტული უპირატესობა ე.წ. “ჭკვიანი ფული”, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების ექსპერტიზა და ისეთი პრაქტიკოსების გამოცდილება, რომელთაც $100-მილიონიანი სტარტაპი აქვთ შექმნილი. ესტონელი მენტორები გვყავს, რომელთაც ასევე დიდი გამოცდილება აქვთ ქვეყანაში, რომელსაც ათი “იუნიქორნი” ჰყავს. ეს ჩვენც შეგვიძლია! თუმცა მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ისაა, რომ სტარტაპები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ანუ არ არის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემთ სწორი მეთოდოლოგიით ისწავლონ”, - განაცხადა FUTURELAB-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ქაშიბაძემ “საქმიან საღამოში”.