ბოლო წლებში, უზბეკეთში ბევრმა ქართულმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება და ერთ-ერთი მათგანი ფინტექკომპანია PAYZE-ია, რომელიც დიდი ზომის კომპანიებს გადახდების გაციფრულებაში ეხმარება. როგორც PAYZE-ის მმართველმა პარტნიორმა, გეგა წურწუმიამ TECH INFORM-ში განაცხადა, უზბეკეთში კომპანიას რამდენიმე დიდი კლიენტი ჰყავს, მათ შორის სტრიმინგ-პლატფორმა Setanta Sports-ი, ტანსაცმლის ბრენდები Zara და Massimo Dutti და ტაქსების გამოძახების პლატფორმა MyTaxi.
“2023 წელი მრავალმხრივად რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ და PAYZE-ის სრულიად ახალი და უფრო მასშტაბირებადი პლატფორმა გავუშვით, რომელმაც კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
შედეგების კუთხით მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიის ფოკუსი შევცვალეთ. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს პარტნიორთან დამშვიდობება მოგვიხდა, მაგრამ ასე, კომპანიამ განვითარება სწორი მიმართულებით დაიწყო, რის შედეგებს უკვე ვხედავთ.
გვიხარია, რომ უზბეკეთის ბაზარზე Setanta Sports-თან პარტნიორობა დავიწყეთ, ანუ მათ გადახდებს უზბეკეთში PAYZE-ი აპროცესებს. ერთი თვეა, რაც ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს. საინტერესოა ისიც, რომ ახლა, უზბეკეთში Zara და Massimo Dutti შედის და მათ ონლაინგადახდებს ჩვენ უზრუნველვყოფთ. კიდევ ერთ საინტერესო მაგალითი, რომელიც ასევე ძალიან გვახარებს ისაა, რომ ადგილობრივი ტაქსის პლატფორმა, MyTaxi-იც ჩვენი პარტნიორი გახდა”, - განაცხადა გეგა წურწუმიამ TECH INFORM-ში.
ფოკუსის ცვლილება, რომელზედაც გეგა წურწუმია აპელირებს, კომპანიის მიერ სამიზნე მომხმარებლის არჩევას უკავშირდება. თუ ადრე, PAYZE-ი მცირე და საშუალო ზომის კომპანიების გადახდების გაციფრულებაზე ფოკუსირდებოდა, 2023 წელს კომპანიამ ფოკუსი დიდი ზომის კომპანიებზე აიღო.
“სტარტაპს რომ ქმნი, არ იცი, სწორი ფოკუსი რა არის, რის გამოც ტესტირების ეტაპზე ე.წ. Product-Market Fit-ის პოვნას ცდილობ. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მაღალი იყოს წარმატების ალბათობა, ანუ თევზაობის მაგალითი რომ მოვიყვანო, ბადეს რომ ისვრი, დიდი ალბათობა უნდა იყოს იმისა, რომ ბადეს ბევრი თევზი მოგყვება - შესაბამისად, დიდ ინდუსტრიას უნდა უმიზნებდე.
ჩვენ, თავდაპირველად, ეს შეცდომა დავუშვით, რადგან პროდუქტები, რომლებიც განვავითარეთ მცირე ინდუსტრიაზე იყო გათვლილი, ანუ იმ მცირე ზომის კომპანიებზე, რომელთაც ციფრული პროდუქტები სჭირდებოდათ. იმ მცირე ზომის ბიზნესების წილი, რომლებიც ციფრულ ეკონომიკაში მონაწილეობენ, საქართველოში და რეგიონში, დღეს, სამწუხაროდ, დაბალია და ჩვენნაირი ბიზნესისთვის, რომელსაც შედეგების დადება დღეს სჭირდება, მცირე ზომის კომპანიებზე ფოკუსირება არასწორი აღმოჩნდა. ამ შეცდომას მივხვდით და ფოკუსი შევცვალეთ”, - აღნიშნა PAYZE-ის მმართველმა პარტნიორმა, გეგა წურწუმიამ TECH INFORM-ში.
PAYZE-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მალევე 500 Global-ისა და Visa-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, PAYZE-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონის ველზე დაფუძნებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. დღეს, Payze-ი საქართველოში და უზბეკეთში ოპერირებს.