მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში, Payze-ი გადახდების ახალ პლატფორმას, Core-ს ჩაუშვებს

Payze-ის გუნდი

ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Payze-მ გადახდების მასშტაბირებადი, მდგრადი და მოქნილი ახალი პლატფორმა, Core-ი შექმნა, რომელიც სექტემბრის ბოლოს ჩაეშვება. როგორც Payze-ის მმართველი პარტნიორი, გეგა წურწუმია BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, ახალი სისტემით, Payze-ის მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნებიდან გადახდების მიღებას და შესაბამისად, ბიზნესის განვითარებას და მასშტაბირებას უფრო მარტივად შეძლებენ.

განახლების ფარგლებში, Payze-ის პლატფორმას ახალი ინტერფეისისა და ფუნქციონალის მქონე სამართავი პანელი დაემატა, რაც, გეგა წურწუმიას თქმით, სრულად ციფრულ ონბორდინგთან და ვერიფიკაციის პროცესთან ერთად, ბიზნესის ოპერაციებს კიდევ უფრო ამარტივებს. ამასთან, Payze-ის პლატფორმაზე განახლებული სენდბოქსიც მოეწყო, რომელიც კომპანიებს რეალურ გარემოში გასაშვებად სატესტო რეჟიმში ამზადებს და შესაბამისად, ხარვეზების ალბათობას ამცირებს. ამასთან, პლატფორმას 30-მდე მიკროსერვისიც დაემატა, რაც საერთო ჯამში, პლატფორმის პერფორმანსს 286%-ით ზრდის.

“განახლების შემდეგ, მომხმარებელს აღარ სჭირდება ადგილზე მოსვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად ან ხელმოსაწერად, რაც მას დროს უზოგავს. ამასთან, სამჯერ შემცირდა კომპანიის მიერ გადახდების მიღების აქტივაციისთვის საჭირო დრო, ხოლო ინტერფეისი და პლატფორმის ფუნქციონალი - განახლდა. ახალი დეშბორდის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს, სამართავი პანელიდან გააკონტროლოს საკუთარი ბალანსი, ტრანზაქციები და ოპერაციები. აქვე ჩანს შვიდივე ის პროდუქტი, რომლებსაც Payze-ი მომხმარებლებს სთავაზობს, ასე რომ გადავწყვიტეთ, ე.წ. “ინტეგრაციის რეცეპტები” დავამატოთ, რომლებიც მომხმარებლებს სასურველი სერვისისა თუ პროდუქტის სწრაფ იმპლემენტაციაში ეხმარება”, - აღნიშნავს გეგა BMG-სთან საუბრისას.

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა Payze-მ გადახდების პლატფორმის განახლება, მთავარ მიზეზად, თანადამფუძნებელი ძველი პლატფორმის არამასშტაბირებადობას ასახელებს, რაც კომპანიას მომხმარებლის მოთხოვნებზე დროული და სწრაფი რეაგირების საშუალებას არ აძლევდა. ამასთან, როგორც ირკვევა, Payze-ის ახალი პლატფორმა ერთიანია, ანუ მისი გამოყენება მომხმარებლებს საქართველოშიც შეუძლიათ და უზბეკეთშიც.

“ახალი პლატფორმა ერთიან სისტემას ეფუძნება და უკვე ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უზბეკეთისთვის, რაც ნიშნავს, რომ ჯამში, ჩვენი Core-ით სამი ათასზე მეტი მერჩანტი და შვიდი ათასამდე მომხმარებელი ისარგებლებს”, - ამბობს გეგა წურწუმია BMG-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ Payze-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მალევე 500 Startups-ისა და Visa-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, Payze-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონ-ველზე დაფუძნებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. 2022 წლიდან, Payze-ი ელექტრონული კომერციის ორი გიგანტის, Shopify-ისა და Wix.com-ის პარტნიორი გახდა. დღეს, Payze-ი საქართველოში და უზბეკეთში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები