საქართველო რეგიონული სტარტაპებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს. მისი კომენტარი სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მოცემული.
ნადარეიშვილის შეფასებით, სტარტაპეკოსისტემის განვითარებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა სახელმწიფო პროგრამებმა, სტარტაპის სტატუსთან დაკავშირებულმა საგადასახადო შეღავათებმა, საგრანტო მექანიზმებმა და ქვეყანაში საერთაშორისო აქსელერატორებისა და ვენჩურული კაპიტალის შემოსვლამ შეუწყო ხელი. აღნიშნული მიმართულებები ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.
„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პროცესის შედეგად საქართველოში რეგიონიდან ტალანტისა და სტარტაპების გადმოსვლის დადებითი ტენდენცია შეინიშნება. მისი შეფასებით, ქვეყნის ეკოსისტემა მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მეწარმეებისთვის, არამედ იმ სტარტაპებისთვისაც, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ცდილობენ.
„ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში. დღეს სახეზე გვაქვს ტალანტისა და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში დაფუძნება სტარტაპებს დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ბიზნესქსელებსა და მომხმარებლებზე წვდომას უმარტივებს : „საქართველოდან მათ რეალურად ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
























