ჩინურ ტურისტულ პლატფორმა Ctrip-ზე საქართველოს გვერდი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, Ctrip-ის მფლობელი ჩინური მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
"Ctrip-ზე ამოქმედდა საქართველოს გვერდი, რომლის მეშვეობითაც პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, ამავე სივრციდან განახორციელონ ფრენების, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება/შეძენა", - წერია უწყების პრეს-რელიზში.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კამპანიის მთავარი მიზანია ჩინეთის ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდა, პოტენციური მოგზაურების დაინტერესება და საბოლოოდ, საქართველოში მოგზაურობისა და ჯავშნების სტიმულირება. კამპანია 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ცნობისთვის
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. 2025 წლის განმავლობაში, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელდა 127,895 ვიზიტი, რაც 44%-იან ზრდას წარმოადგენს 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.




























