საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად აქტიურად მუშაობს ციფრული ვალუტის (CBDC) განვითარების პროექტზე. „საქმიან საღამოში“ სტუმრობისას, სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ პროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული ბანკი ციფრულ ლართან მიმართებით თეორიული კვლევის სტადიიდან კეთებით სწავლის (Learning-by-doing) ეტაპზე გადადის.
ვარლამ ებანოიძე განმარტავს, რომ CBDC-ის რეალური პოტენციალის შესწავლა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის გზითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი თეორიული კვლევიდან პრაქტიკული ტესტირების რეჟიმზე გადადის, რაც საერთაშორისოდ აპრობირებული მიდგომაა.
ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სებ-მა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ღია შეთავაზება გააკეთა და ამჟამად კომიტეტი წარმოდგენილ კანდიდატურებს განიხილავს. როგორც ჩანს, პროცესში ჩართვით დაინტერესებულნი არიან როგორც მცირე ზომის, ასევე მსხვილი მასშტაბის საერთაშორისო კომპანიები, ისეთი, როგორიც, მაგალითად, Ripple-ია. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
როგორც სებ-ის ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, პოტენციურად, ციფრულ ლარს ჭკვიანი კონტრაქტების (Smart Contracts) ჩაშენების ფუნქციონალი ექნება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, გატესტილი იქნება უძრავი ქონების ტრანზაქციებში ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენების პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის ციფრულ ლარში ტრანზაქციის შესრულება ავტომატურად გამოიწვევს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების აღსრულებას, მაგალითად, ქონების გადაფორმებას.
ეროვნული ბანკის ვარაუდით, Learning-by-doing ეტაპის გავლას და ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გაშვებას 1 – 1.5 წელი დასჭირდება.