ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავა BMGTV-ის ეთერში ისაუბრა, რა თემებია ეროვნულ ბანკში მის დღის წესრიგში.
ნათია თურნავამ ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა, კერძოდ ერთიანი ევრო გადახდების სივრცეზე, ციფრულ ლარზე და მყისიერი გადახდების სისტემაზე.
„რამდენიმე ტოპ-პროექტს ჩამოვთვლი რომელზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ეს მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია. საუბარია რესურსის ხელმისაწვდომობაზე და სწრაფ, იაფ გადარიცხვებზე. პირველი ამ კუთხით რა სიახლეც ინერგება და ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან უკვე ამოქმედდება, ეს არის მყისიერი გადახდების სისტემა.
მყისიერი გადახდების სისტემა საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც თავის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ კომპონენტსაც და რეგულაციებსაც ითვალისწინებს. საერთაშორისო ტენდერი გვაქვს გამართული მსოფლიო ბანკის დაფინანსებით - საერთაშორისო რეპუტაციის მქონდე კომპანია შემოდის, რომელიც ამ "სოფტს" აგვიწყობს, რაც იმას ნიშნავს რომ დღეს თუ ქვეყნის შიგნით იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის გადარიცხვებს ერთი სამუშაო დღე სჭირდება, როდესაც ეს სისტემა დაინერგება გადარიცხვები იქნება წამებში, როგორც დაუშვათ ბარათით იხდით და ამას წამები სჭირდება, ასეთივე მოკლე და მყისიერი იქნება საბანკო გადარიცხვები 2 სუბიექტს შორის და ეს იქნება 24/7 -ზე.
მეორე ასევე გადარიცხვებს და გადახდებს ეხება, ანუ SEPA - ეს არის ერთიანი ევროს გადახდის სივრცე, რომელსაც საქართველო უნდა მიუერთდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროში გადახდები მოხდება იმ პირობებით, სისწრაფით და საფასურით, როგორც ეს ევროპის შიგნით ხდება - ევროპაში მცხოვრებ ნებისმიერ ორ ადამიანს შორის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტებისთვის, აქედან სამუშაოდ წასული ადამიანებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ლარი, ძალიან აინტერესო პროექტია, რადგან ჩვენ ამ კუთხით ერთ-ერთი პიონერები ვართ. ამაზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ და ახლახან ახალ ეტაპზე გადავედით - შერჩეულია რამდენიმე ტესტირების რეჟიმი და ამ ეტაპზე 9 საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ტექნოლოგიური კომპანია ერთმანეთს ეჯიბრება, რომ დაგვეხმაროს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.