მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ აუხსნას ხალხს, რატომ ნადგურდება რეზერვები - რომან გოცირიძე

თურნავა კობახიძე

ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ აუხსნას ხალხს, რატომ ნადგურდება რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ, - ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა".

"კატასტროფა ხდება. გაზიდა “ქართული ოცნების” კლანმა ქვეყნის რეზერვები. დღესაც, არასამუშაო დღეს, გაყიდა ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა.

სპეციალურად ამისთვის დაიბარეს თანამშრომლები. 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბერში, ლარი რომ არ ჩამოიშალოს. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ ოქტომბერში. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა. ეს გამოიწვია მოღალატე ხელისუფლების საარჩევნო რიტორიკამ და ანტიდასავლურმა კამპანიამ.

ნუ უყურებენ ექსპერტები თუ მოექსპერტო ელემენტები, რამდენს ყიდის ეროვნული ბანკი მხოლოდ ღია აუქციონზე ( 213 მილიონი დოლარია ოქტომბერში). ორი ამდენი გაყიდა ფარულად, მეორე, ე. წ. ბიმატჩ პლატფორმაზე, რომელიც მხოლოდ 25 ნოემბერს, ანუ არჩევნებიდან კარგა ხნის მერე იქნება ასახული სტატისტიკაში. ამ თავიანთი ჩაანალიზებით ეს ეკონომისტები ხელს უწყობენ რეალური სურათის დაფარვას და არბილებენ მდგომარეობას.

თუ ინფორმაციას არ ან ვერ ფლობ და ანალიზის უნარი არ გაგაჩნია, ჯობია გაჩერდე მაინც. ეს ეხება მედიასაც. ნოემბერში კი გამოჩნდება ამათი დაფარული მავნებლობები, მაგრამ უკვე გვიან იქნება. გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება ქვეყნის რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ", - წერა რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი. როგორც bm.ge-ის სებ-ში უთხრეს, გასაყიდად გამოტანილი იყო სწორედ 40 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7199 შეადგინა

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ლარის კურსის დასაჭერად $213 მილიონი გაყიდა. ეს 2024 წლის რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამიც 213 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ინტერვენციების ჯამი 382 მილიონი დოლარია.

მიმდინარე თვეში ინტერვენციები ასე ნაწილდება: 8 ოქტომბერი - 48,500,000 დოლარი; 16 ოქტომბერი - 64,900,000 დოლარი; 23 ოქტომბერი - 60,000,000 დოლარი; 25 ოქტომბბერი - 40,000,000 დოლარი.

ამ ინტერვენციებამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ჯერჯერობით უცნობია რამდენად შემცირდა რეზერვების მოცულობა ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების ფონზე, თუმცა ის სავარაუდოდ 4.5 მილიარდი დოლარის ნიშნულამდე არის დაკლებული. ბოლო ერთ წელში საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 560 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რადანაც 2023 წლის სექტემბერში რეზერვების მოცულობა 5.27 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები