საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ოქტომბრის რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 40 მილიონი დოლარი გაყიდა - ამის მიუხედავად, ლარის კურსი მაინც გაუფასურდა და აუქციონზე დაფიქსირებულმა კურსმა 2.7199 ლარი შეადგინა.
"დღევანდელი სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ამჯერადაც არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო", - განუმარტეს bm.ge-ის ეროვნულ ბანკში.
ინფორმაციისთვის, ეს 2024 წლის რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამიც 213 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ინტერვენციების ჯამი 382 მილიონი დოლარია.
მიმდინარე თვეში ინტერვენციები ასე ნაწილდება: 8 ოქტომბერი - 48,500,000 დოლარი; 16 ოქტომბერი - 64,900,000 დოლარი; 23 ოქტომბერი - 60,000,000 დოლარი; 25 ოქტომბბერი - 40,000,000 დოლარი.
ამ ინტერვენციებამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ჯერჯერობით უცნობია რამდენად შემცირდა რეზერვების მოცულობა ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების ფონზე, თუმცა ის სავარაუდოდ 4.5 მილიარდი დოლარის ნიშნულამდე არის დაკლებული. ბოლო ერთ წელში საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვები 560 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რადანაც 2023 წლის სექტემბერში რეზერვების მოცულობა 5.27 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.