მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არავინ ელოდა, რომ საქართველოში უცხო ენებზე ამდენი ადამიანი ისაუბრებდა” - ალექს მირონენკო ქართულ ბაზარზე

64b500d4b5bf5
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.23 13:05
9406
Majorel-ი საქართველოში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით მომუშავე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა. ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან საქმიანობს და ის ამ დროისთვის 2,600 ადამიანს ასაქმებს. Majorel-ის საქმიანობაა საერთაშორისო გიგანტებისთვის ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა კლიენტების მომსახურება, სოციალური მედიის კონტენტის მოდერირება და სხვა.

გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში Majorel საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ლექს მირონენკომ საქართველოში კომპანიის შედეგებსა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს, როდესაც კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, თავდაპირველი მოლოდინები არც თუ ისე მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში მოიძებნებიან გერმანულის და სხვა უცხო ენების მცოდნე კვალიფიციური კადრები, Majorel-მა თანდათანობით გაფართოება დაიწყო.

არსებული გამოწვევებიდან ალექს მირონენკო ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას გამოყოფს. მისი თქმით, კომპანია შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს, ლარის გამყარების გამო კი სახელფასო დანახარჯები მათ მთლიან ხარჯებში 20%-ით გაიზარდა. “რაც უფრო მყარდება ლარი, მით უფრო იკლებს ჩვენი კონკურენტუნარიანობა” - ამბობს ის.

"ოფისები ბათუმსა და ქუთაისშიც გვაქვს, რაც გარკვეულწილად გვეხმარება. სამუშაო კადრების მხრივ, თბილისი საკმაოდ შემჭიდროვებულია, მაგრამ ბევრი ჩვენი თანამშრომელი ჰიბრიდული მოდელით დისტანციურად მუშაობს, 50-50-ზე ან 60-40-ზე პრინციპით, რაც ასევე გამოსადეგია. პანდემიის დაწყებამდე, ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობას არც კი განიხილავდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასე უფრო მეტი თანამშრომლის მიზიდვა არის შესაძლებელი.

გვჭირდება, რომ არსებული ზრდა შევინარჩუნოთ - ჩვენთვის, ეს ერთგვარი დავალებაა. ამასთან, შესაძლებლობები გვიჩნდება სხვადასხვა ენებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანები გაგვხადონ.

ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ გამყარებულ ლართან ვერ ვმეგობრობთ. იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო კომპანია ვართ, ჩვენი შემოსავალიც იქიდან მოდის, სადაც კლიენტია ბაზირებული, ანუ უცხოეთიდან და უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხარჯები, ძალიან მცირე დროში, 20%-ით გაიზარდა, რადგან ხელფასებს ადგილობრივ ვალუტაში ვიხდით. ეს, რა თქმა უნდა, არ “მოგვკლავს”, მაგრამ პროცესმა გვაჩვენა, რომ რაც უფრო მყარდება ლარი, მით უფრო იკლებს ჩვენი კონკურენტუნარიანობა, რადგან ახლა, სამუშაო ძალაზე ხელი საერთაშორისო კომპანიებს უფრო ნაკლებად მიუწვდებათ. დღეს, ვალუტა სტაბილურია, მაგრამ თუ ის უფრო გამყარდა, ეს პრობლემას შექმნის. არ დაგვასრულებს, მაგრამ… არ გვინდა ლარი გაუფასურდეს, ის უბრალოდ სტაბილური უნდა იყოს. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენს ფინანსურ გუნდს მრავალი მექანიზმი აქვს შემუშავებული - ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომლებიც ცდილობენ, წინასწარ განსაზღვრონ ეს პროცესები და ამით, ნეგატიური ეფექტები დააბალანსონ,”- განაცხადა მირონენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები