მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Majorel-ის ისტორია საქართველოში - რამ განაპირობა კომპანიის წარმატება?

64b4d821dc927
BM.GE
17.07.23 10:00
1003
ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი გლობალურად ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სფეროა, რომლის მთლიანი შემოსავალიც 170 მილიარდ დოლარამდეა. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ამ ბაზარზე ერთ-ერთ მიმწოდებლად დამკვიდრდა, რაც ქვეყანაში საერთაშოროსო კომპანია Majorel-ის შემოსვლით იყო განპირობებული. Majorel საქართველო 2016 წელს დაფუძნდა, დღეისთვის კი კომპანიას უკვე 2,600 თანამშრომელი ჰყავს.

გადაცემა "Forbes-ის კვირაში" Majorel-ის გენერალურმა დირექტორმა ალექს მირონენკომ საქართველოში კომპანიის შედეგებსა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს, როდესაც კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, თავდაპირველი მოლოდინები არც თუ ისე მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში მოიძებნებიან გერმანულის და სხვა უცხო ენების მცოდნე კვალიფიციური კადრები, Majorel-მა თანდათანობით გაფართოება დაიწყო.

“საკუთარი მეხსიერებიდან, მოკლედ რომ შევაჯამო, როგორც გითხარით, მოლოდინები მაღალი არ იყო, რადგან საქართველოს შესახებ არავინ იცოდა. თუმცა მალევე აღმოვაჩინეთ, და გაგვიკვირდა, თუ რამდენად ბევრი ნიჭიერი ადამიანი ფლობს უცხო ენას, მაგალითად, გერმანულს, რომელზეც მოთხოვნა მაღალია. ჩვენი ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი სწორედ გერმანული კომპანია იყო, რომელსაც გერმანულენოვანი სერვისი სჭირდებოდა. ამ კომპანიასთან დღემდე ვმუშაობთ. ქვეყნის ზომიდან გამომდინარე, არავინ ელოდა, რომ სხვადასხვა ენაზე ამდენი ადამიანი ისაუბრებდა, განსაკუთრებით გერმანულად. აღმოვაჩინეთ, რომ გერმანული ინსტიტუტები საქართველოში საკმაოდ კარგად არიან განვითარებულნი. აქ ბევრი კარგი გერმანული სკოლაა და გაცვლით პროგრამებთან და დასაქმებასთან დაკავშირებით შემოთავაზებები მოდის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებიდან. ამ პროგრამებით ადგილობრივები სწავლობენ არამხოლოდ ენას, არამედ საშუალება აქვთ იმოგზაურონ, გერმანიაში სეზონურად დასაქმდნენ და დაბრუნდნენ არამხოლოდ ენის, არამედ კულტურის ცოდნითაც, რაც ჩვენს საქმეში ძალიან გვეხმარება.

გერმანულენოვან ნაწილს კომპანიაში უდიდესი წილი უჭირავს, საუბარია გერმანულად მოსაუბრე ათასზე მეტ თანამშრომელზე.

ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ ამავე დროს, ბაზარი უკვე საკმაოდ შემჭიდროვებულია. თუ დასაწყისში, ჩვენს ოქროს ხანაში, დღის განმავლობაში ორმოც განაცხადს ვიღებდით, დღეს 40 აპლიკანტს თვის განმავლობაშიც ვერ ვიღებთ. ამასთან, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობას იყენებს - ბევრი სასწავლებლად მიდის, ბევრიც სამუშაოდ, ისინი ქვეყნიდან გადიან. თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად, რამდენიმე წელიწადში, მიგრაციის პროცესი შემობრუნდება.

ანალოგიური შემთხვევა გვქონდა ესტონეთში. ქვეყანა ევროკავშირში რომ მიიღეს, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლა ყველას შეეძლო და შესაბამისად, შრომისუნარიანი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ესტონეთიდან გავიდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ესტონეთში ცხოვრება გაუმჯობესდა, ბევრი სამშობლოში დაბრუნდა. მათ გარკვეული უნარები შეიძინეს, კაპიტალი დააგროვეს და შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ.

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გერმანულ მიმართულებაზე, რომელიც კომპანიაში ძალიან მოთხოვნადია. კიდევ რას დაასახელებდით ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებად, რომლებიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია? რა შედის მოთხოვნათა ჩამონათვალში, გარდა უცხო ენებისა და საწყისი უნარებისა?

უცხო ენები სავალდებულოა, მაგრამ რამდენიმე ისეთ კომპანიასთანაც ვთანამშრომლობთ, რომლებიც მომსახურებას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ითხოვენ. ქვეყანაში ინგლისურენოვანი კადრების დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრებ 30 წელს ქვემოთ ასაკის ახალგაზრდებში.

ერთი საინტერესო მიმართულებას, რომელსაც ვახორციელებთ, კონტენტის მოდერაცია და მონიტორინგი ჰქვია. ამ მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლები არ პასუხობენ ზარებსა და მეილებს და არ აქვთ პირადი კომუნიკაცია კლიენტებთან. საპირწონედ ამისა, მათ მინიჭებული აქვთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმა, რომელზეც კონტენტის მონიტორინგს აწარმოებენ. ადგენენ, თუ არის ძალადობრივი კონტენტი და რა არის ის, რაც კომპანიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ასეთი კონტენტი სხვადასხვა ასაკის მომხმარებლების, კერძოდ კი მცირეწლოვანი ბავშვების ეკრანებზე არ უნდა გამოჩნდეს, რადგან შეიძლება, მან ადამიანი დაატრამვიროს. ამგვარად, კონტენტს გაფილტვრა სჭირდება.

ამ პროცესსში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანები არ მონაწილეობენ - ამ მხრივ, ჩართულია ტექნოლოგიებიც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აკრძალულ კონტენტს პოულობს და მონინტორინგისთვის ადამიანებამდე მიაქვს.

- ჩვენს ბოლო ინტერვიუში ახსენეთ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული იყავით საქართველოს რეგიონებით. როგორ მიდის საქმეები, მაგალითად, ქუთაისში?

ჩვენთვის, ქუთაისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ვერ ვიტყოდი, რომ ადგილობრივ ბაზარზე პირველები ვართ, რადგან გარემოს სრულად არ ვიცნობ, თუმცა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კომპანია ვართ, რომელიც ქუთაისში ასე მასშტაბურად გამოჩნდა. პროცესი საინტერესო იყო, რადგან თავიდან, საოფისე ფართსაც კი ვერ ვპოულობდით, მაგრამ ჩვენი უძრავი ქონების აგენტი, სოსო, ძალიან დაგვეხმარა და ფართი გვაპოვნინა, რომელიც A კლასის შენობა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ასეთად ის ჩვენ ვაქციეთ.

საინტერესო პროცესი იყო. დაახლოებით ორი ათასი კვადრატული მეტრი ავითვისეთ, სადაც ულამაზესი ოფისი ავაშენეთ, რომელიც 300-მდე ადამიანს იტევს. ამ ეტაპზე ქუთაისში 300-მდე თანამშრომელი გვყავს, რომლებიც ორი გერმანულენოვანი ბრენდისთვის მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანის სახელს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ის ვირწოპროფილუირ მცირე ბიზნესია. მეორე კომპანია კი - Asus-ია, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელ მომხმარებელს დახმარება სჭირდება, თანამშრომელი ვალდებულია იცოდეს არამხოლოდ ენა, არამედ ერკვეოდეს ტექნიკურ საკითხებშიც,”- განმარტავს მირონენკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები