მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთვის, ეს პოზიტიური ცვლილებაა“ - რა ეტაპზეა Teleperformance-ის მიერ Majorel-ის შეძენის პროცესი?

6498858575342
სალომე ხიდურელი
25.06.23 22:45
882
გლობალური ბაზარზე მოქმედი ციფრული ბიზნეს სერვისების ფრანგული გიგანტი Teleperformance ლუქსემბურგში დაფუძნებული Majorel-ის ყიდვას 3.3 მილიარდ დოლარად გეგმავს. ორივე კომპანია ერთსა და იმავე სფეროში საქმიანობს, რაც კორპორაციებისთვის ადამიანური რესურსებით აუთსორს სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის აპრილში გახდა ცნობილი, თუმცა დამატებითი ცნობების ბიზნესგარიგების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

გარიგებასთან დაკავშირებით დღეს არსებული მდგომარეობასა და გარიგების დეტალების შესახებ გლობალური კომპანიის ქართული შვილობილი კომპანიის „მეიჯერელ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი შეფასებით, Majorel-ისთვის ეს პოზიტიური ცვლილებაა, რადგან ეს ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების ბუნებრივი პროცესია.

„რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ Teleperformance-მა ჩვენს მსხვილ მეწილეებს - Saham Group-სა და Bertelsmann-ს შეთავაზება უკვე წარუდგინა. კომპანიის წილის დარჩენილი 20% კი ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ეს რთული გარიგებაა და შესაბამისად, პროცესიც ხანგრძლივი იქნება. დიდი საქმის გაკეთება ჩვენს იურისტებს მოუწევთ, მერე კი ანტიმონოპოლიური სამსახურის დასკვნაც დაგვჭირდება, რადგან ორივე კომპანიის აქციების საჯაროდ ივაჭრება. ამასთან, გვჭირდება დასტური ჩვენი კომპანიის ფინანსური მენეჯერებისგან, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. ჩვენი მოლოდინით, ეს პროცესი, რეალისტურად, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ან მომდევნო წლის პირველ მეოთხედში დასრულდება.

ჩვენთვის, ეს პოზიტიური ცვლილებაა. ინდუსტრია იცვლება და ბუნებრივია, დროთა განმავლობაში კომპანიების მხოლოდ მცირე რაოდენობაღა დარჩება“, - განმარტა მირონენკომ.

კითხვაზე - რა არის BPO ინდუსტრიაში კომპანიათა შერწყმის მიზეზი და არის თუ არა ეს ინდუსტრიის კრისტალიზაცია, „მეიჯერელ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა უპასუხა, რომ გადარჩენისთვის ეს აუცილებელია.

„გადარჩენისთვის, დიდ კომპანიასთან შერწყმა გჭირდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი იქნები, რომელიც ჩამორჩა და დიდი წარმატებისთვის არ იბრძვის. კარგი ანალოგია “დიდი ოთხეული” [EY, Deloitte, KPMG and PwC], რომელიც საქართველოშიც არის წარმოდგენილი. თუ დროს ოცი წლით გადავახვევთ, ვნახავთ, რომ კონსალტინგს და აუდიტორულ სერვისებს მომხმარებლებს ბევრი კომპანია უწევდა, მაგრამ ახლა, ყველაზე დიდ მასშტაბზე სწორედ ეს ოთხეული ასპარეზობს. ჩვენც ამავე პროცესს გავდივართ და შედეგად კონსოლიდაციას მივიღებთ. ბრძოლაში ჩართვა მცირე ზომის კომპანიებსაც ენდომებათ, მაგრამ მათ ამის რესურსები არ აქვთ. ხელოვნური ინტელექტისა და ChatGPT-ს აღორძინებასთან ერთად, კომპანიები კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ და დიდ კომპანიებს შეერწყან”, - აღნიშნა BMG-სთან ინტერვიუში ალექსანდრ მირონენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები