25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი. როგორც bm.ge-ის სებ-ში უთხრეს, გასაყიდად გამოტანილი იყო სწორედ 40 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7199 შეადგინა.
"დღევანდელი სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ამჯერადაც არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო", - განმარტავენ სებ-ში.
ეს 2024 წლის ოქტომბერში რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამიც 213 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ინტერვენციების ჯამი 382 მილიონი დოლარია.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა 23 ოქტომბერსაც და 60 მილიონი დოლარი გაყიდა. მაშინ სებ-მა აღნიშნული წინასაარჩევნო აჟიოტაჟური ქმედებების და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების დაბალანსებით ახსნა.