საქართველოს მთავარი ფინანსური მარეგულირებლის, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკების მიერ მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში ცვლილებები შევა. სებ-ში შესაბამისი განხილვები უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლად-განაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს, ანუ TIBR-ის ინდექსს მიებას.
თავისი არსით, TIBR-ის ინდექსი წარმოადგენს ბანკთაშორისი ვაჭრობის საშუალო მაჩვენებელს. მოგეხსენებათ, კომერციული ბანკები მუდმივად ვაჭრობენ ერთმანეთში მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდურობით, ანუ ისინი თანხას ერთმანეთზე ასესხებენ. როგორც წესი, მოკლევადიანი ბანკთაშორისი განაკვეთი თითქმის იდენტურია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთისა, თუმცა საკრედიტო პერიოდის ზრდასთან ერთად, განაკვეთის მოცულობაც იზრდება.
TIBR-ის მთავარი უპირატესობა მის გამჭვირვალობას უკავშირდება, რადგან ინდექსი ზუსტად ასახავს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. TIBR-ის რაობაზე „საქმიან საღამოში“ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი ინდექსი სწორად და ზუსტად ასახავს ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებს.
„ეს არის ერთდღიანი, ე.წ. „ოვერნაით რეითი“, შესაბამისად, ის ძალიან სწორად და სკრუპულოზურად ასახავს ყოველდღიურ ოპერაციებს. ინდექსი საკმაოდ გამჭვირვალეა და ის ღიაა ბაზრის ყველა მონაწილისთვის“, - აღნიშნავს დავით რუსია.
TIBR-ის ინდექსზე მუშაობა, რეალურად, 2008 წელს დაიწყო და პროცესი დაახლოებით ათი წელიწადი გრძელდებოდა. საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე მიბმის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს მიიღო და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ლალიაშვილის განმარტებით, TIBR-ის ინდექსზე მიბმული სესხების მოცულობამ უკვე გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს.
TIRB-ის ინდექსის შექმნისას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება, რადგან მსგავსი სისტემა მუშაობს როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. მაგალითად, 2019 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირში ESTR-ის ინდექსი მოქმედებს, რომელიც დაახლოებით იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც TIRB-ი.
რაც შეეხება ინდექსის მოცულობას. ზოგადად, მოკლევადიან პერსპექტივაში, TIBR-ის მსგავსი ინდექსის განაკვეთის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკაში რისკები იზრდება და ბანკებს უფრო ძვირად სურთ ერთმანეთში თანხის გასესხება; განაკვეთის შემცირება კი საპირისპირო ტენდენციაზე მიუთითებს და ის იმის მაუწყებელია, რომ ეკონომიკა მზარდია და რისკებიც შემცირებულია. რაც უფრო გრძელვადიანია განაკვეთი, მით უფრო მაღალია მისი საპროცენტო მაჩვენებელი, რადგან დროსთან ერთად, რისკები და კაპიტალის ღირებულება იზრდება.
ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-ისა, მოკლევადიანი, TIBR-ის განაკვეთიც ასევე 9.5%-ს შეადგენს, ერთთვიანი TIBR-ი 9.54%-ია, 3-თვიანი TIBR-ი 9.93%-ია, 6-თვიანი TIBR-ი კი 10.24%-ია. როგორც წესი, TIBR-ის ერთთვიანი განაკვეთი რამდენიმე მეასედი პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთზე, თუმცა ის ვერასოდეს იქნება მასზე დაბალი, რადგან კაპიტალის ღირებულება ქვეყანაში სწორედ ეროვნული ბანკი ადგენს და მასზე იაფად სესხს ვერცერთი ჭკუათმყოფელი ბანკი ვერ გასცემს.
„TIBR-ის ინდექსი ამჟამად ოდნავ მეტია რეფინანსირების განაკვეთზე, თუმცა ეს იმდენად მცირე სხვაობაა, რომ მას მომხმარებელი ვერ იგრძნობს. საუბარი გვაქვს მეასედებზე და მეათასედებზე“, - ამბობს რუსია.
ეროვნული ბანკის გავლენის შემცირების რისკებზე საუბრისას დავით რუსია აღნიშნავს, რომ TIBR-ის ინდექსი რეფინანსირების განაკვეთს გვერდს ვერასოდეს ვერ აუვლის და ის მის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.
„საბანკო სისტემაში ბევრი სახის პროდუქტი გვაქვს, რომელიც გვერდს ვერ აუვლის რეფინანსირების განაკვეთს. დარწმუნებული ვარ, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ დიდ ხანს დარჩება ძირითად მაკროეკონომიკურ ინსტრუმენტად ეროვნული ბანკის არსენალში. სხვა ინდექსი მას ვერ და არც ჩაანაცვლებს“.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორი ამ ცვლილებას პოზიტიურად აფასებს, რადგან მას სისტემაში მეტი გამჭვირვალობა შემოაქვს და ის მომხმარებლისთვის სესხების გაძვირებას არ გამოიწვევს.
„TIBR-ზე გადასვლით მოსახლეობას თავისი საპროცენტო წნეხი არ გაეზრდება, ანუ ამით განაკვეთის მოცულობა არ მოიმატებს. თუმცა ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტი ღიაობა და გამჭვირვალობა შემოვიტანოთ პროცენტის ფორმირების პროცესში, როგორც კლიენტისთვის, ასევე ინვესტორისა და საბანკო სისტემისთვის“, - ამბობს საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი.