საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს.
როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ BMG-ის განუცხადა, წინა სხდომაზე სებ-ის მხრიდან განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება მოსალოდნელი იყო და მოლოდინია, რომ წელს ამ მიმართულებით მცირე შერბილება უკვე წლის მეორე ნახევარში იქნება.
მისი განცხადებითვე, ბოლო ერთ წელში რეფინანსირების განაკვეთის ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირება უკვე აისახა სესხების განაკვეთებზე და ეროვნული ვალუტაში გაცემული კრედიტები გაიაფდა.
„ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარის საპროცენტო განაკვეთებზე უკვე აისახა. ამ ფონზე კი გლობალურად განაკვეთები კვლავ გამკაცრებულია და უცხოური ვალუტის სესხებზე განაკვეთები მაღალი რჩება. ამ ფონზე, ჩვენ თუ შევადარებთ ლარის და დოლარის სესხების განაკვეთებს, განსხვავება 5.5%-მდეა
შემცირებული. თუკი ავიღებთ, კორპორაციულ სესხებს, ავიღებთ აქ კიდევ უფრო ნაკლები სხვაობაა - 2.5%.
ეროვნული ბანკის შეფასებით, შემდეგ წლებში რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ეტაპზე და მარეგულირებელი მკვეთრი ნაბიჯებისგან თავს იკავებს. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის ბოლომდე ალბათ კიდევ ერთი შემცირება იქნება და რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდება“, - განაცხადა დავით რუსიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით იმის მიუხედავად რომ ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი ნიშნულის ქვემოთ ნარჩუნდება, სებ-მა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მომეტებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე სებ-ის ფრთხილი მიდგომით არის განპირობებული.