საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. სებ-ში შესაბამისი განხილვები უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR-ის ინდექსს) მიებას.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ TIBR ინდექსი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია, ის უფრო სწორი მექანიზმია, მობილურია და ზუსტად ასახავს ბაზრის დინამიკას. ახალ ინდექსზე გადასვლის პროცესი 2023 წლიდან დაიწყო და ის 2024 წელსაც გაგრძელდება.
"TIBR-ზე გადასვლის პროცესი 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. TIBR, როგორც წესი ახლოსაა რეფინანსირების განაკვეთთან, ამიტომ მომხმარებლებისთვის რაიმე არსებით ცვლილებას TIBR-ზე გადასვლა არ იწვევს, სამაგიეროდ ის უკეთ ასახავს საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, ვინაიდან TIBR ინდექსის გაანგარიშება ბაზარზე დადებული გარიგებების საშუალოს წარმოადგენს. TIBR ანალოგიურია განვითარებულ ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინდექსების (SOFR დოლარში, ESTR ევროში) ექვივალენტია, რომლებმაც LIBOR ჩაანაცვლეს. ამ მხრივ საქართველო იყო ერთ ერთი პირველი, ვინც ახალი მეთოდით დათვლილი ინდექსის გამოყენება დაიწყო ფინანსურ სექტორში,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.
კრედიტების TIBR-ზე მიბმის შესახებ დღეს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება. არსებული მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთი 9.5%, ხოლო TIBR-ი კი 9.54%-ია.
“2018 წელს ეროვნულმა ბანკმა დანერგა თბილისის ბანკთაშორისი ინდექსი TIBR, რომელიც ბანკთა შორის დადებული გარიგებების საშუალოს აჩვენებს, 1-თვიანი; 3-თვიანი და 6-თვიანი. 2024 წელს უკვე აქტიურად დაიწყება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნაცვლად, 1-თვიანი TIBR-ის მაჩვენებლის გამოყენება. აღნიშნული განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში არ იქნება მკვეთრად განსხვავებული რეფინანსირების განაკვეთისგან. როდესაც უფრო აქტიური იქნება კაპიტალის ბაზარი და ობლიგაციებით ვაჭრობა, TIBR-ის განაკვეთი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რამდენად დეფიციტი ან სიჭარბე იქნება ლარის რესურსის ბაზარზე,”- ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
TIBR განაკვეთის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება:
- ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.
- TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს TIBR განაკვეთის გაანგარიშებას შემდეგნაირად: ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით; ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე; გ) TIBR განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით; დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება ფორმულით. ე) გაანგარიშებული TIBR განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.
TIBR ინდექსების გამოქვეყნება ყოველ საბანკო დღეს, არაუგვიანეს დღის 9:00 საათისა ხდება.