საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ კომერციულ ბანკებს, მომხმარებელთან გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებებში შეაცვლევინოს მუხლები, რომლითაც კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. სებ-ში შესაბამისი განხილვები უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR-ის ინდექსს) მიებას.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ TIBR ინდექსი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია, ის უფრო სწორი მექანიზმია, მობილურია და ზუსტად ასახავს ბაზრის დინამიკას. ახალ ინდექსზე გადასვლის პროცესი 2023 წლიდან დაიწყო და ის 2024 წელსაც გაგრძელდება.
არსებული მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%,TIBR-ის განაკვეთიც შეადგენს ასევე 9.5%-ს, ერთთვიანი TIBR-ი 9.54%-ია, 3-თვიანი TIBR-ი 9.94%-ია, 6-თვიანი TIBR-ი კი 10.24%-ია. როგორც წესი TIBR-ის ერთთვიანი განაკვეთი რამდენიმე მეასედი პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთზე.
რას წარმოადგენს TIBR ინდექსი და როგორ ითვლიან მას:
კომერციული ბანკები მუდმივად ვაჭრობენ მოკლევადიანი ჭარბი ლიკვიდობით, შესაბამისად ეს ბანკთაშორის სადეპოზიტო/საკრედიტო ბაზარს წარმოადგენს. აღნიშნულ ბაზარს გადამწყვეტი როლი აქვს მონეტარული გადაცემის მექანიზმის (რეფინანსირების განაკვეთის) ფუნქციონირებაში.
ფულადი ბაზრის ინდექსები გამოიყენება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის ფასწარმოქმნისას, როგორიცაა მცურავგანაკვეთიანი ობლიგაციები და საბანკო სესხები, ასევე დერივატივები. ფულადი ბაზრის ინდექსები უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების ფასწარმოქმნის გამჭვირვალობას, ბაზრის მონაწილეთა შორის რისკების გადანაწილებას და საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვას.
TIBR განაკვეთის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება:
- ყოველ საბანკო დღეს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სისტემის გვერდიდან იღებს მიმდინარე საბანკო დღის განმავლობაში დადებულ ბანკთაშორის გარიგებებს.
- TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში მონაწილე ბანკთაშორისი გარიგებებიდან ეროვნული ბანკი ახდენს TIBR განაკვეთის გაანგარიშებას შემდეგნაირად: ა) მიმდინარე საბანკო დღეს განხორციელებული გარიგებების თანმიმდევრობა განისაზღვრება ბანკთაშორის გარიგებაში ასახული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით; ბ) საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით დალაგებული ბანკთაშორისი გარიგებების საერთო რაოდენობას აკლდება ზედა 15%-ის და ქვედა 15%-ის შესაბამისი რაოდენობის ბანკთაშორისი გარიგებები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას TIBR განაკვეთის გაანგარიშებაში. თუ გარიგებების საერთო რაოდენობის 15% არ არის მთლიანი ციფრი, მაშინ ხდება მიღებული რაოდენობის დამრგვალება უახლოეს მთელ მაჩვენებლამდე; გ) TIBR განაკვეთის გაანგარიშება ხდება დარჩენილი გარიგებების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით; დ) საშუალო შეწონილი პროცენტი გაიანგარიშება ფორმულით. ე) გაანგარიშებული TIBR განაკვეთი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ ორი ციფრის სიზუსტით.
TIBR ინდექსების გამოქვეყნება ყოველდღიურად ხდება.
ეროვნული ბანკი TIBR ინდექსის შესახებ შემდეგ განმარტებას აკეთებს:
"TIBR-ზე გადასვლის პროცესი 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. TIBR, როგორც წესი ახლოსაა რეფინანსირების განაკვეთთან, ამიტომ მომხმარებლებისთვის რაიმე არსებით ცვლილებას TIBR-ზე გადასვლა არ იწვევს, სამაგიეროდ ის უკეთ ასახავს საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, ვინაიდან TIBR ინდექსის გაანგარიშება ბაზარზე დადებული გარიგებების საშუალოს წარმოადგენს. TIBR ანალოგიურია განვითარებულ ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინდექსების (SOFR დოლარში, ESTR ევროში) ექვივალენტია, რომლებმაც LIBOR ჩაანაცვლეს. ამ მხრივ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალი მეთოდით დათვლილი ინდექსის გამოყენება დაიწყო ფინანსურ სექტორში,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.