ციფრული ნეობანკი Space-ი გერმანიაში მენეჯერის პოსტზე ვაკანსიას აცხადებს. როგორც ერთ-ერთ გერმანულ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, Space-ი გერმანიაში ოპერირების დაწყებას აპირებს.
„Space-ი ამჟამად საქართველოში მუშაობს. შესაბამისად, ქვეყნის მენეჯერი ერთგვარი ხიდის როლს შეასრულებს გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან და დაგვეხმარება გავხსნათ ადგილობრივი ფილიალი“, - წერია განცხადებაში.
Space-ი ციფრული ბანკია, რომელიც საქართველოში ფინანსური სერვისების ახალი ფორმატით მუშაობს. როგორც განცხადებაში წერია, ბანკი ცვლის ადამიანების მიერ ფინანსური საჭიროებების გადაჭრის გზებს ტექნოლოგიებით და დიზაინით. „ჩვენ ვოპერირებთ როგორც ინოვაციური საბანკო ლაბორატორია, რომელიც ადამიანების დროს მარტივი, მობილური ბანკის მომსახურებით ზოგავს“, - წერია ბანკის განცხადებაში.
გერმანიაში ქვეყნის მენეჯერის პოსტზე შერჩეული ადამიანის მოვალეობები იქნება, პრიორიტეტების განსაზღვრა, მართვა, გაყიდვების პროცესის განვითარება, მარკეტინგი, გუნდის გაერთიანება და ა.შ.