მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის

62a75e011434b
BM.GE
13.06.22 13:31
959
ქალი მეწარმეების გაძლიერება, სტიმულირება და ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში ჩართვა სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება. ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორების მიერ, თუმცა გამოწვევები ჯერ ისევ ბევრია და საჭიროა თანმიმდევრული და განგრძობითი მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს ბიზნესში და მოახდინონ საკუთარი სამეწარმეო პოტენციალის რეალიზება. განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო რეგიონებში ქალბატონების ბიზნესსაქმიანობაში ჩასართავად.

იმისთვის, რომ ქალი მეწარმეები გაძლიერდნენ და შეძლონ კონკურენტულობის მოპოვება და შენარჩუნება, მათ სხვა სამუშაოებთან ერთად, უნდა მოახდინონ საკუთარ ბიზნესში თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ბიზნეს პროცესების ეტაპობრივად გაციფრულება. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA)” ხულოსა და ქედას მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე შეირჩა 16 მეწარმე ქალბატონო ქედისა და ხულოს რაიონებიდან, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. შერჩეული მეწარმეებისთვის გათვალსიწინებულია ციფრული ტრანსფორმაციის გამარტივებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის ვორქშოფების ჩატარება და მენტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის განხორციელების ფორმატი ჰიბრიდულია - აქტივობების ნაწილი (ვორქშოფები) ხორციელდება უშუალოდ ხულოსა და ქედაში, ხოლო მენტორინგი განხორციელდება დისტანციურად, რაც თავის მხრივ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემთ, რომ შეძლონ ციფრული საკომუნიკაციო ხელსაწყოების ეფექტურად ათვისება და გამოყენება, ამავდროულად აღნიშნულ აქტივობებში ჩართვა შეძლონ მათთვის სასურველი ლოკაციიდან.

პროექტის ბოლო ეტაპზე, შერჩეული მეწარმეები, SMEDA-ს ექპერტებთან ერთად შეძლებენ მათი ერთი კონკრეტული ბიზნეს პროცესი პრაქტიკაში გააციფრულონ - ეს შესაძლოა იყოს გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებული პროცესები (რაც ყველაზე ხშირად სჭირდებათ მცირე და საშუალო მეწარმეებს) ან ნებისმიერი სხვა მიმართულება, კონკრეტული მეწარმის საჭიროების გათვალისწინებით.

როგორც SMEDA-ში განგვიცხადეს, პროგრამის განხორციელების პროცესში აქტიურ მხარდაჭერას იღებენ ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებისგან, რაც რეგიონებში მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ზრდის კონკრეტული აქტივობის ეფექტიანობას. SMEDA-სა და ორივე მუნიციპალიტეტის მერებს შორის უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც SMEDA-ს ექნება საინფორმაციო და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა მერიებისგან ამ და სხვა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე წლის 1 მაისს დაიწყო 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამა საპილოტე ხასიათს ატარებს და დაგეგმილია მისი სამომავლოდ გაგრძელებაც.

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია SMEDA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები