საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქ. ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი CityThon, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისების გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტო მიმართულება) დაამზადებენ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს. გამარჯვებულ გუნდებს პროდუქტის შესაქმნელად ჯილდო 5000 ევროს ოდენობით გადაეცა.
პროექტ CityThon 2 დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში ქ. ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური გზით განვითარებაზე, საბოლოოდ ოცი გუნდი საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წარდგა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
სამუშაო პროცესის ორგანიზება უზრუნველყო კომპანია ქლევერტონმა. პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.




























