მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ClubnParty გართობის მოყვარულებს და წვეულებების ორგანიზატორებს ერთმანეთთან დააკავშირებს - როგორია განვითარების გეგმა?

Clubnparty

საქართველოში ახალი აპლიკაცია, ClubnParty ჩაეშვა, რომლის მიზანი, წვეულებების ორგანიზატორებისა და გართობის მოყვარული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

პლატფორმის ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი, მარიამ გოშხეთელიანი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივში“ ამბობს, რომ მომხმარებელს საკუთარი ღონისძიების განთავსება და სტუმრების დაპატიჟება და ამასთანავე სასურველი წვეულების მოძებნა შეუძლიათ. მისი თქმით, ClubnParty ტრადიციული ბილეთების გაყიდვის პლატფორმებისგან განსხვავდება, რადგან მისი ძირითადი ფუნქცია სახლის წვეულებების და მცირე ღონისძიებების გაციფრულებაა.

„შესაძლებელია როგორც დიდი მასშტაბის, ისე დახურული, მცირე ზომის ღონისძიებების ორგანიზება. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მოსაწვევები გაუზიარონ როგორც პლატფორმის მომხმარებელ მეგობრებს, ასევე პლატფორმის გარეთ მყოფებს“, - აღნიშნავს პლატფორმის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი.

ClubnParty-ს ბაზარზე ჩაშვებიდან სულ რამდენიმე თვეა გასული, თუმცა მარიამ გოშხეთელიანის ინფორმაციით, უკვე 10 500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და 690 წვეულება აქვს ჩატარებული. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა კომპანიის მოტივაციას კიდევ უფრო ამძაფრებს აპლიკაციის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.

„ფაქტია, ბევრი გამოწერა გვაქვს. მაგალითად, დღეს 12 წვეულებაა დაგეგმილი და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ღონისძიებების მიმართულებით აქტიურია.

საქართველო სტარტია, იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზარი დავიპყროთ. მოლაპარაკებებიც უკვე გვაქვს, კერძოდ ამერიკაში და სულ მალე დაიდება მაიამის და ლას-ვეგასის წამყვანი კლუბების ღონისძიებები. ასევე, პრაღაში რამდენიმე ცნობილ კლუბთან ვთანამშრომლობთ, ასევე თვის ბოლოს „მემო ფროჯექტთან“ ერთად წვეულება გაიმართება ნიუ-იორკში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენ მომხმარებელს საინტერესო ღონისძიებები შევთავაზოთ. ჩვენი გამოთვლით, 3-4 წელიწადში 7-8 მლნ მომხმარებელზე უნდა ავიდეთ“, - ამბობს მარიამ გოშხეთელიანი.

რაც შეეხება სტარტაპის მოგებიანობას, მარიამის გოშხეთელიანის თქმით, ამ ეტაპზე ფოკუსი ცნობადობის ზრდაზეა, შემოსავალი კი მხოლოდ რეალიზებული ბილეთებიდან მოდის. კომპანიას აქვს აქტიური გეგმები რეკლამირების გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები