მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CNN საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე აქვეყნებს სტატიას

ირაკლი კობახიძე

CNN საქართველოში დემოკრატიის კოლაფსის და ქვეყნის ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენის ორბიტის მოქცევის შესახებ აქვეყნებს სტატიას.

სტატიის ავტორი ჯილ დოჰერთი აღნიშნავს, რომ საქართველოში ფაქტობრივად არ დარჩა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც სამართლებრივად არ იდევნება, ევროკავშირი და აშშ კი განიხილავენ სანქციების დაწესებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, საარჩევნო მანიპულირებისა და კორუფციული გარიგებების მონაწილეები არიან.

CNN-ის სტატია საქართველოში დემოკრატიის კოლაფსის შესახებ:

"დაახლოებით ათი წლის წინ, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმატების მაგალითად მიიჩნეოდა - ქვეყანა დემოკრატიისკენ მიიწევდა, კორუფციას ებრძოდა და ეკონომიკა ვითარდებოდა. აშშ საქართველოს მხარს უჭერდა და საქართველოც, იმის მიუხედავად რომ NATO-ს წევრი არ იყო, ავღანეთის მისიაში მონაწილეობდა. 2005 წელს ქვეყანას მისი მიღწევების სანახავად ეწვია ჯორჯ ბუში, რის შემდეგაც აეროპორტისკენ მიმავალ გზას მისი სახელი უწოდეს.

დღეს კი საქართველოში დემოკრატია სერიოზულ საფრთხეშია. აშშ-ის კონგრესი განიხილავს „მეგობარი აქტს“ (Megobari Act), რომლის მიზანიც არის სანქციების დაწესება იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე, ვინც ჩართულია კორუფციაში, არჩევნების გაყალბებასა და პოლიტიკურ რეპრესიებში. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის ქვეშ.

გასულ დეკემბერში აშშ-მა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს - მილიარდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. მას ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევენ, რადგანაც მისი პარტია „ქართული ოცნება“, მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას, ხოლო მრავალი ოპოზიციური ლიდერი ციხეში იმყოფება. თბილისში 200 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები გრძელდება. ადამიანები შიშობენ, რომ ხელისუფლება ჩინური წარმოების სახის ამომცნობი კამერებით უთვალთვალებს. ბევრი დემონსტრანტი დააკავეს, არის ცნობები პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა ოპოზიციისთვის არათანაბრად შეაფასეს. ოპოზიციამ ახალი პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ხოლო ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც მრავალის შეფასებით რუსული რეპრესიული კანონების ანალოგიურია, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა დასავლელ მოკავშირეებთან. ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ იხრება და ახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველომ ასევე გააძლიერა კავშირები ჩინეთთან და ირანთან. ქვეყანამ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი ჩინურ კონსორციუმს გადასცა. ირანთან ვაჭრობა იზრდება, განსაკუთრებით ნავთობის იმპორტის კუთხით. რამდენიმე ქართულ კომპანიას პირდაპირი კავშირი აქვს ირანის თავდაცვის სამინისტროსთან, რაც სანქციების გვერდის ავლის საფრთხეს ქმნის.

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები უარესდება. ამერიკის წინა ელჩმა საქართველოში გააკრიტიკა მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა. „ქართული ოცნება“ ურთიერთობების გაუარესებაში ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. მაგრამ პარტიის მხრიდან კვლავ აქტიურად ისმის ანტიამერიკული განცხადებები.

მთავრობის ქმედებების მიუხედავად, ქართველების უმრავლესობას სურს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება. თუმცა, 2024 წლის ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რამაც აშშ-ში შეშფოთება გამოიწვია. ვაშინგტონი აღნიშნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთთან მიმართებით უფრო მოწყვლადს ხდის.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ეს გზავნილი ბევრ ქართველში შიშს იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20% კვლავ ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. "ქართული ოცნება" ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ დასავლეთის "გლობალური ომის პარტია" ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას.

ქვეყანაში მიმდინბარე პროცესების საპასუხოდ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად კონგრესი „მეგობარ აქტს“ განიხილავს. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის დაცვაში.

პარალელურად, საქართველოს ოპოზიცია ერთმანეთთან ვერ თანხმდება, როგორ უპასუხოს ხელისუფლების მოქმედებებს. ზოგიერთი შიშობს, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი დემოკრატიულ პროცესს დააზარალებს და საერთაშორისო პარტნიორებს დააბნევს. გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი, რომელსაც სახელმწიფო ღალატის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაკითხეს, აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა ბოლო შანსი იყოს, რომ ქვეყანამ ავტორიტარიზმისკენ სვლას ხელი შეუშალოს. ის ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას კვლავ აქვს ძალა და სურვილი იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის, თუკი პარალელურად, მსოფლიო არ მოადუნებს ყურადღებას იმ დანაშაულებთან დაკავშირებით რაც საქართველოში ხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ "მეგობარი აქტი" გაძლიერებული მხარდაჭერის იმედს იძლევა, მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა ვერ შეცვლის საქართველოს მიმდინარე კურსს. რეჟიმი აგრესიულად ცდილობს ყველა სერიოზული ალტერნატივის აღმოფხვრას, თუმცა მე მჯერა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს სიმტკიცე და სიმამაცე, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს და დაიბრუნოს ჩვენი კანონიერი ადგილი ევროპაში - იმ პირობით, რომ მსოფლიო ფხიზლად დარჩება, იმ მოვლენების მიმართ, რაც საქართველოში ხდება,"- აღნიშნავს გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები