ფუფუნების საგნების ინდუსტრიის ორ თვალსაჩინო წარმომადგენელს, Tapestry-სა და Capri-ის შორის $8.5 მილიარდ დოლარად შეფასებული გარიგება, იურიდიული დაბრკოლებების გამო, ჩაიშალა - გარიგების ფარგლებში აშშ-ში მსხვილი გაერთიანება შეიქმნებოდა, რომელიც ინდუსტრიის უმსხვილეს ევროპელ მოთამაშეებს გაუწევდა კონკურენციას.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში 6 ამერიკული ბრენდი ერთი ქოლგის ქვეშ მოექცეოდა, ესენია: Tapestry-ის შვილობილი კომპანიები: Coach, Kate Spade, Weitzman და Capri-ის ბრენდები: Versace, Jimmy Choo და Michael Kors.
კომპანიების გაერთიანება შეერთებული შტატების ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ დაბლოკა - მათი განმარტებით, Coach-ისა და Michael Kors-ის გაერთიანება ჩანთების წარმოებაში კონკურენციას გააქრობდა და მხოლოდ ერთ კომპანიას ფასების უსამართლო ლავირების საშუალებას მისცემდა.
14 ნოემბერს ორივე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანების შესახებ შეთანხმებას საერთო ინტერესების დაცვით აუქმებენ. მათი განმარტებით, იურიდიული პროცესების შედეგის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და მეტიც, კომპანიებს არ აქვთ არავითარი გარანტია, რომ მარეგულირებელთან შეთანხმებას 10 თებერვლამდე მიაღწევენ, რაც გარიგების შესრულების ბოლო ვადაა.
მიმდინარე კვირაში Tapesty-ის აქციებზე ფასი 12%-ით, ათწლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა და $57.47 შეადგინა. კომპანიამ განაცხადა, რომ $2 მილიარდის ღირებულების აქციებს ის თავად შეისყიდის. Capri-ის აქციებზე კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კომპანიამ ხარჯების შემცირება და ზოგიერთი მაღაზიის დახურვა დააანონსა. გასულ თვეს სასამართლოს მიერ შეთანხმების დაბლოკვის შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის განახევრდა. Capri არ გამორიცხავს, რომ მის მფლობელობაში არსებული ბრენდების ნაწილს გაყიდის.