მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LVMH-ის მფლობელი არნოს ოჯახი ჯგუფის საკუთრების სტრუქტურის გამარტივებას გეგმავს

LVMH

მილიარდერი არნოს ოჯახი გეგმავს გაამარტივოს საკუთრების სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც LVMH-ს, მსოფლიოს უმსხვილეს ლუქს კატეგორიის რითეილერ ჯგუფს, აკონტროლებს. ამისთვის ოჯახი საკუთარ მფლობელობაში არსებულ ჰოლდინგურ კომპანიას, Agache-ს, Christian Dior-თან გააერთიანებს.

შემოთავაზებული რეორგანიზაციის ფარგლებში ოჯახის რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია საბოლოოდ ერთ სტრუქტურად გაერთიანდება. კონკრეტულად, გეგმა ითვალისწინებს Financière Agache-ის Agache-თან შერწყმას, რის შემდეგაც Agache-ი Christian Dior SE-ს შეუერთდება. ჯგუფი საბოლოოდ SCA-დ, აქციონერულ კომანდიტარული საზოგადოებად (société en commandite par actions) გარდაიქმნება, და შემდგომში უკვე Agache-ის სახელწოდებით დაილისტება Euronext Paris-ზე.

ამჟამად კომპანია Agache Christian Dior-ის აქციების 96%-ს და ხმის უფლების მქონე აქციების 97.1%-ს ფლობს. ამასთან, მას LVMH-ის სააქციო კაპიტალის 6.77% და ხმის უფლების 8.49% ეკუთვნის.

შერწყმის დასრულების შემდეგ ახალი კომპანია,Agache, პირდაპირ გააკონტროლებს LVMH-ის სააქციო კაპიტალის 49.76%-ს და ხმის უფლების 65.55%-ს.

ტრანზაქციის დასრულება დეკემბერშია მოსალოდნელი, მას შემდეგ რაც შესაბამისი მარეგულირებელი და კორპორაციული თანხმობები იქნება მიღებული. გარიგება ასევე ითვალისწინებს Christian Dior-ის მინორიტარული აქციონერების მფლობელობაში არსებული 2.44%-იანი წილის შესყიდვის ტენდერულ შეთავაზებას. აქციონერებს შეთავაზებული ფასი LVMH-ის აქციის საბაზრო ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რესტრუქტურიზაცია არნოს ოჯახის მიერ LVMH-ზე კონტროლის კონსოლიდაციისა და საკუთრების სტრუქტურის გამარტივების მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯია. ამჟამად ოჯახი LVMH-ის სააქციო კაპიტალის 50.33%-ს და ხმის უფლების 66.27%-ს აკონტროლებს.

77 წლის ბერნარ არნო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარეა, ხოლო მისი ხუთივე შვილი ჯგუფის ბიზნესებსა და ოჯახის ჰოლდინგურ კომპანიებში საოპერაციო ან სამეთვალყურეო პოზიციებს იკავებს.

ოჯახმა Agache SCA-დ ჯერ კიდევ 2022 წელს გარდაქმნა, რის შედეგადაც არნოს ხუთ შვილს თანაბარი ხმის უფლება მიენიჭა, ხოლო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს. 2017 წელს ოჯახმა ასევე საკუთარი ჰოლდინგების რეორგანიზაცია მოახდინა და Christian Dior-ის მინორიტარული აქციონერების წილები გამოსყიდვა, რამაც LVMH-ში მისი ეკონომიკური წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ცნობისთვის, LVMH-მა 2025 წელს €80.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ხოლო ჯგუფის აქციონერების კუთვნილმა წმინდა მოგებამ €10.9 მილიარდი შეადგინა. ყველაზე დიდი წვლილი შემოსავალში Fashion & Leather Goods-ის მიმართულებაზე მოდის — €37.8 მილიარდი. ჯგუფი აერთიანებს 75-ზე მეტ სახლს (Maison), მსოფლიოს მასშტაბით ასაქმებს 211 000-ზე მეტ ადამიანს და 81 ქვეყანაში 6 283 მაღაზიაზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები