გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Coca-Cola-მ Costa Coffee-ს ქსელის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა, რადგან კერძო საინვესტიციო კომპანიების შეთავაზებები მოლოდინს ჩამორჩა.
გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სასმელების გიგანტმა დარჩენილ პრეტენდენტებთან მოლაპარაკებები დეკემბერში დაასრულა და აუქციონის მრავალთვიანი პროცესი შეაჩერა.
Coca-Cola-სა და Costa Coffee-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
FT-ის თანახმად, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იყვნენ Asda-ს მფლობელი TDR Capital და Bain Capital-ის ფონდი, რომელიც Gail's-სა და PizzaExpress-ს ფლობს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ადრეულ ეტაპზე პროცესში კერძო საინვესტიციო კომპანიები - Apollo, KKR და Centurium Capital იყვნენ ჩართულნი.
გავრცელებული ინფორმაციით, Coca-Cola-მ Costa-ს გაყიდვის გეგმა შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში კვლავ განიხილოს.
ცნობისთვის, Coca-Cola-მ Costa Coffee 2018 წელს 5.1 მილიარდ დოლარად შეიძინა, რათა ყავის გლობალურ ბაზარზე, სადაც მისი კონკურენტები Starbucks-ი და Nestle არიან, პოზიციები გაემყარებინა.




























