ამერიკულმა გიგანტმა, The Coca-Cola Company-იმ გასული კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავალმა 13.38 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი 7.4%-იან ზრდას ნიშნავს და ის უოლ-სტრიტის პროგნოზს აღემატება. ამასთან, თითო აქციაზე მიღებულმა მოგებამ 91 ცენტი შეადგინა, რაც ასევე მოსალოდნელზე მეტია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Coca-Cola-მ 2026 წლის მოგების პროგნოზი 7-8%-დან 9%-მდე გაზარდა.
მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, კომპანიის ფინანსური დირექტორი, ჯონ მერფი ინვესტორებს ხარჯების ზრდის თაობაზე აფრთხილებს, რომელიც 2027 წლამდე გაგრძელდება, რადგან ირანის ომმა სასაქონლო პროდუქციაზე ფასები გაზარდა, ხოლო ლოგისტიკისა და შეფუთვის ხარჯები გლობალურად გაძვირდა. შესაბამისად, ინფლაციური წნეხისა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდის გამო, კომპანია რთულ პერიოდს მოელის.
მიუხედავად ინფლაციური ზეწოლისა, წელს Coca-Cola საფონდო ბირჟაზე თითქმის 31%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც S&P 500-ის შედეგზე 2.5-ჯერ უკეთესი მაჩვენებელია.
























