გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის გიგანტმა, Coca-Cola-მ 2026 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და $13.4 მილიარდი შეადგინა, ორგანულმა შემოსავალმა კი 6%-ით იმატა. თუ გასული წლის შესაბამის პერიოდში საოპერაციო მარჟა 34.1%-ს შეადგენდა, ამჯერად მაჩვენებელმა 35.6%-ს მიაღწია. ამასთან, თითო აქციაზე მოგება 16%-ით გაიზარდა და $1.03 შეადგინა.
რაც შეეხება პროდუქციის გაყიდვების მოცულობას, გლობალურ ბაზარზე ზრდამ 5% შეადგინა. ამ პროცესს სათავეში ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და ბრაზილია ჩაუდგა. კომპანიამ დააფიქსირა 4%-იანი ზრდა გაზიანი სასმელების სეგმენტში, სადაც Coca-Cola Zero Sugar-ის გაყიდვებმა 16%-ით იმატა. ამასთან, წყლის, სპორტული სასმელებისა და ჩაის კატეგორიაში გაყიდვები 6%-ით გაიზარდა, ხოლო ყავის მოხმარებამ 2%-ით იკლო.
მეორე კვარტალში კომპანიამ განახორციელა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბური კამპანია, რომელიც 180-ზე მეტ ბაზარს მოიცავდა. ციფრულ პლატფორმებზე აქტივობებმა 60 მილიარდზე მეტი რეაქცია დააგროვა, რამაც Trademark Coca-Cola-ს გაყიდვების 5%-იან, ხოლო Powerade-ის 8%-იან ზრდას შეუწყო ხელი. ამასთან, კომპანიამ გლობალურ ბაზრებზე ინოვაციური პროდუქტების, მათ შორის Coca-Cola Zero Zero-სა და BODYARMOR FIT-ის მიწოდება გააფართოვა.
კვარტალური შედეგის გამოქვეყნების ფონზე გაირკვა ისიც, რომ წლის დასაწყისიდან კომპანიის ოპერაციულმა ფულადმა ნაკადმა $7.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა $6.9 მილიარდს მიაღწია.
ცნობისთვის, The Coca-Cola Company არის უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია, რომლის პროდუქციაც 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ბრენდი გლობალურ ბაზარზე მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მდებარე სათავო ოფისიდან მართავს.




























