მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

comcom-ი 2025 წლიდან ტელევიზიებში ფარული რეკლამირების რეგულირების გამკაცრებას გეგმავს

ტელევიზია

კომუნიკაციების კომისია 2025 წლიდან გეგმავს გაამკაცროს ზედამხედველობა ტელევიზიებში ფარული რეკლამირების შესახებ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ივანე მახარაძემ განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც ტელევიზიებში ფარული რეკლამირების უცხოური პრაქტიკის და ადგილობრივი გამოწვევების განხილვას შეეხებოდა.

Comcom-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ გახსნა და სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევებზე, კერძოდ კი, პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრისას მან საქართველოში პრობლემის სიმწვავეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წესების დარღვევით გაკეთებული პროდუქტის განთავსება ლახავს მაყურებლის უფლებას გამიჯნოს, თუ სად არის რეკლამა, სად გადაცემა და სად - წამყვანის მოსაზრება, რაც, მისივე თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დაუშვებელია. ივანე მახარაძემ განაცხადა ისიც, რომ ღონისძიების მიზანს ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და საბოლოოდ, პრობლემის აღმოფხვრის გზებზე შეჯერება წარმოადგენს.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და ევროკავშირის მედია ექსპერტი, ჟან ფრანსუა ფუნრნემონი, რომელიც ბელგიის მარეგულირებელი კომისიისა და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარე იყო. თავიანთ სიტყვაში, ირაკლი ლექვინაძემ და ჟან ფრანსუა ფურნემონმა მაყურებლის ინტერესების დაცვაზე, მაუწყებლების მიერ წესების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკასა და პროდუქტის განთავსების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ივანე მახარაძის თქმით, კომისიისთვის მნიშვნელოვანია როგორც მაყურებლების უფლებების დაცვა, ასევე მაუწყებლების ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად, კომისია მაუწყებლებს მისცემს 8-თვიან გარდამავალ პერიოდს, რათა მოიყვანონ თავიანთი სამუშაო, მიდგომები თუ დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები კანონთან შესაბამისობაში და ახალი წლიდან, ეთერები წესების დაცვით დაგეგმონ. გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი, მისი განცხადებით, კომისია კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას დაიწყებს. ComCom-ის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ კომისია მზადაა მაუწყებლებში ინდივიდუალურად მივიდეს, ჩაერთოს პროცესში, ჩაატაროს შესაბამისი ტრენინგები და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იმის გამიჯვნა თუ კონკრეტული ბრენდის ეთერში გამოჩენა კომერციულ განთავსებას წარმოადგენდა თუ არა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბუნდოვანი და რთული იყოს: მაგალითად რომელიმე გადაცემის წამყვანს წინ Apple-ის ლეპტოპი ედოს; სპორტულ ეთერში მიწვეულ სტუმარს ეცვას მაისური Nike-ის ლოგოთი; ან მუსიკალურ გადაცემაში გასულ კლიპში რეპერი ერთდროულად Louis Vuiton-ის, Gucci-ის, Hermes-ის, Fendi-ის აქსესუარებზე, Bentley-ის, Bugatti-ის ავტომანქანებსა და Rollex-ის საათებზე მღეროდეს. ეს კი იმ შემთხვევაში, როდესაც არც პირველ, არც მეორე და არც მესამე შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდეს კომერციულ განთავსებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები