გთავაზობთ გასული კვირის 21-27 ოქტომბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში
სებ-ის მიერ არჩევნების კვირაში 100 მილიონი დოლარის გაყიდვა
გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 23 და 25 ოქტომბერს ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯერ 23 ოქტომბერს 60 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო 25 ოქტომბრის ინტერვენციამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. სებ-მა ეს ინტერვენციები წინასაარჩევნო აჟიოტაჟური მოლოდინების ეფექტის შერბილების მიზნით ახსნა ამ ინტერვენციების მიუხედავად ლარი დოლართან გასულ კვირაში თითქმის ნახევარი თეთრით გაუფასურდა და კურსმა 2.7198 შეადგინა.
მთლიანობაში ოქტომბრის განმავლობაში სებ-ის მიერ განხორციელებული 4 ინტერვენციის მოცულობამ 213 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად 2023 წლის ინტერვენციებზე მეტი იყო. 2024 წლის განმავლობაში კი 382 მილიონი დოლარი გაიყიდა სავალუტო აუქციონებზე.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 23 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური გარემოს მიუხედავად, რადგანაც არსებობს სხვადასხვა რისკი, მათ შორის რეგიონული რისკები, რომელთა გათვალისწინებითაც სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესახებ მხოლოდ ფრთხილ გადაწყვეტილებებს იღებს.
საარჩევნო შემოწირულებების ანგარიში:
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პორტალის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში პარტიების სასარგებლოდ 30,670,408 ლარის შემოწირულება გაიცა, შემოწირულობა სულ 2,120-მა პირმა განახორციელა. სტატისტიკის მიხედვით, დონაციების თითქმის ნახევარი - 14,515,407 ლარი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადარიცხეს.
ბარიერგადალახული პარტიების შემოწირულობებმა შემდეგი თანხა შეადგინა:
- ქართული ოცნება - 14,515,407 ლარი;
- კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 6,746,792 ლარი;
- ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! - 6,648,286 ლარი;
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 1,939,016 ლარი;
- გახარია საქართველოსთვის - 282,484 ლარი;
საქართველოს განვითარების ფონდი ყულევში ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობას $5-მილიონიანი სესხით აფინანსებს
ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტში $5 მილიონის ინვესტიციას საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - საქართველოს განვითარების ფონდი ახორციელებს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს. ქარხნის პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენ მაკა ასათიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. მისი განცხადებით, 2025 წლის გაზაფხულზე ქარხანა პირველი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.
ქარხნის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი დოლარია და ის ქართული კომერციული ბანკების სინდიცირებული (ერთობლივი) სესხით ფინანსდება, ამ დაფინანსებაში "საქართველოს განვითარების ფონდი" $5 მილიონის მოცულობით მონაწილეობს. პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში.
IMF-მა 2024 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოში 1.81 პროცენტით უფრო მაღალ ზრდას მოელის, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი, 2025 წლისთვის კი IMF საქართველოსთვის 5.97%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.74%-ით მეტია.
“მაგთიმ” 5G აამოქმედა, ამასთან კომპანია 5G ლიცენზიის საფასურს - 149 მილიონ ლარს გაასაჩივრებს
"მაგთიმ" 5G ინტერნეტი უკვე გაუშვა, კომპანიამ გუშინ გაიმარჯვა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიხშირულ აუქციონში და 5G სიხშირეების გამოყენების ლიცენზია მთლიანობაში 149 მილიონ ლარად შეიძინა. ოთხშაბათიდან კი კომპანიამ მომხმარებლებისთვის 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო. მეხუთე თაობის ინტერნეტზე გადასვლასთან დაკავშირებით "მაგთის" დირექტორთა საბჭომ 23 ოქტომბერსვე პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომპანიის იურისტმა ლევან გიორგაძემ BMG-ის უპასუხა, რომ ისინი ასაჩივრებენ აუქციონის საწყის ფასს და მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ეს სიხშირეები შეუსაბამოდ ძვირად გამოიტანა გასაყიდად.