მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

comcom

კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დადგინდება არის თუ არა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე დაბალკონკურენტული გარემო და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საბითუმო ბაზრები წინასწარ რეგულირებას დაექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოვლინდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი, რომელსაც სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრება. ComCom-ის მიზანია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, გააჯანსაღოს და გახსნას ტელეკომ ბაზარი და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანისა თუ ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული პროცესის გავლა ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

"2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების ბაზრების კვლევას მოიაზრებს. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი და გამოვლინდა პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული შესაბამისი საბითუმო ბაზრები. აღნიშნულ ბაზრებზე კი, შეფასდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების არსებობა და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევის პროცესში, ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა. მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაც სწორედ დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობასა და მათი კონსტრუქციული უკუკავშირის მიღებას ემსახურება.

წარმოების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია, მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, კონკურენციის კვლევის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული როგორც კვლევა, ასევე სპეციფიკური ვალდებულებებისა და მათი მნიშვნელობის საკითხი. პროექტის გამოქვეყნების შემდეგ კი, კომუნიკაციების კომისია გამართავს საჯარო კონსულტაციებს, რომლის ფარგლებშიც, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, დაინტერესებული მხარეები შეძლებენ თავიანთი მოსაზრებებისა და კომენტარების წარმოდგენას.

შეგახსენებთ, რომ კომპლექსური კვლევის პროექტი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ქართული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები