მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

comcom სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვაზე ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას "ტრი მედია ინტელიჯენსთან" ითხოვს

ტელევიზია

კომუნიკაციების კომისია სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიის მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითხოვს. მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა და შესყიდვის ღირებულება 99 000 ლარია.

როგორც სააგენტოს მიმართვაში წერია, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბაზარზე შეზღუდულია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვა შეუძლიათ.

მათი შეფასებით, საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს 2 კომპანია - შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“ და შპს „თი-ვი ემ-არ საქართველო“, რომლებიც ზომავენ სატელევიზიო აუდიტორიას. კომისიაში ამბობენ, რომ ბაზრის კვლევის ფარგლებში აღნიშნულ კომპანიებთან კომუნიკაციის შედეგად გამოვლინდა, რომ მხოლოდ შპს ტრი მედია ინტელიჯენსის მიერ შემოთავაზებული სერვისი უზრუნველყოფს შესაძლებლობას ცალ-ცალკე გამოყოს ლაივრეჟიმსა და გადახვევის რეჟიმში ნანახი მონაცემები, შესაბამის რეჟიმში ყურებადობის წილი და რეიტინგები, რომელთა მოწოდებაც აუცილებელია იმისათვის, რომ კომისიამ დაკისრებული ფუნქციების განხორციელება შეძლოს.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე არსებულ სატელევიზიო აუდიტორიის მთვლელი კომპანიებთან კომუნიკაციის და წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული სერვისის მოწოდებას და შეძლებს შესყიდვის ობიექტის ჩანაცვლებას. შესაბამისად, მათი თქმით, მხოლოდ შპს ტრი მედია ინტელიჯენსი აკმაყოფილებს აუდიტორიის მზომი მომსახურების ყველა იმ ტექნიკურ მოთხოვნას რაც კომუნიკაციების კომისიას ესაჭიროება დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

კომუნიკაციების კომისია შპს ტრი მედია ინტელიჯენსთან ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს.

ცნობისთვის, შპს ტრი მედია ინტელიჯენსის დირექტორი მზია სილაგაძეა, ხოლო კომპანიის 100%-იან წილს მერაბ ფაჩულია ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები