მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Corall Seaside Resort-ის პროექტში წინასწარი გაყიდვები დაიწყო - რა გამოარჩევს $250-მილიონიან პროექტს ბათუმში? | ინტერვიუ ლევან დიასამიძესთან

ლევან დიასამიძე

Corall Seaside Resort-ის $250-მილიონიან დეველოპერულ პროექტში, რომელიც ბათუმთან ახლოს ზღვიდან ნულოვან ზოლში ხორციელდება, უძრავი ქონების წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო.

Corall Seaside Resort სამი ქართული ბიზნესჯგუფის – Ibercompany Holding-ის, Grande Group-ისა და Mziuri Development-ის პარტნიორობით ხორციელდება. მულტიფუნქციური პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, კერძო იახტ-კლუბს, Beach Club-ს, საცურაო აუზებს, სპა და ველნეს სივრცეებს, სპორტულ და საბავშვო ზონებს, ასევე ბიზნეს და კომერციულ ლოკაციებს.

როგორც “ქორალ დეველოპმენტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან დიასამიძემ “ბიზნესის კვიერულის” ავტორთან და წამყვანთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, პროექტის მთავარი უპირატესობა ადგილია, სადაც გამორჩეული პროექტი ხორციელდება. მისივე თქმით, მასშტაბური პროექტი, თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდასა და ეკონომიკის განვითარებაში.

- ლევან, რა დასაბამი აქვს Corall Seaside Resort-ის იდეას და როგორ ჩამოყალიბდა ის?

- როდესაც დეველოპმენტზე ფიქრობ, ლოკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, პირველი აქცენტი, რაზედაც უძრავ ქონებაში გავაკეთეთ, ეს ლოკაცია იყო. საოცარი ადგილი შეირჩა, საიდანაც საშუალება გვაქვს დავტკბეთ ზღვით. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ერთადერთი დეველოპმენტი, რომელიც ნულოვან ზოლში ვითარდება. ანუ ზღვის სანაპიროზე, არა პირველ ზოლში, არამედ პირდაპირ ზღვის სანაპიროზე. ჩვენს კომპლექსს ფაქტობრივად კერძო პლაჟი ექნება.

თავიდან, როდესაც ეს მიწა შევიძინეთ, ვსეირნობდით და სანაპიროზე ნიჟარა აღმოვაჩინეთ. როდესაც არქიტექტორს დავით გოგიჩაიშვილს ეს პროექტი დავუკვეთეთ, რომელსაც ძალიან საინტერესო პროექტები აქვს გაკეთებული, როგორც აჭარაში, ისე თბილისში, ჩემდა გასაკვირად, ორ კვირაში გამოგვიგზავნა კონცეფცია, რომელიც გარკვეულწილად ფერებით და აივნების მოტრიალებით ნიჟარას ჰგავდა. ეს ნიჟარა თბილისში, ოთახში მიდევს და როდესაც დავასრულებთ პროექტს, ჩვენს პროექტში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

- პროექტს რამდენიმე კომპანია ერთად ახორციელებს. რა ბიზნესერთობა შეიკრა Corall-ის ბრენდის ქვეშ?

- აქ ძალიან საინტერესო სინერგიაა - სამი ჯგუფია და ეს სამი თოლიაც ჩვენს ლოგოში ზუსტად ამის გამოხატულებაა: გრანდე ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია დეველოპმენტშია, აქვს განხორციელებული პროექტები კრწანისში, გლდანში, დიღომში და თბილისის სხვადასხვა კუთხეებში; „მზიური ჯგუფი“, ასევე ძალიან საინტერესოდ ავითარებს პროექტებს აჭარაში; "იბერკომპანი ჯგუფი", სადაც დაახლოებით შვიდი მიმართულება გვაქვს და ერთ-ერთი არის დეველოპმენტის მიმართულება.

ეს თითქოს განსხვავებული დეველოპერების სინერგია ამ პროექტში შეიკრა და ვფიქრობ, რომ მაგიდასთან ყველას ძალიან საინტერესო რაღაცები მოგვაქვს. ამასთან, ყველასთვის სანდოობის ნაწილში - ჩემთვისაც, მომხმარებლისთვისაც, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვინ დგას პროექტის უკან -0 აუშენებია თუ არა, ჰაერს ყიდის თუ არა. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ გვიკეთებია, ვიცით საქმის კეთება და შესაბამისად, ეს ჯგუფები ავითარებენ ამ პროექტს.

- Corall-მა უკვე დაიწყო კომუნიკაცია პოტენციურ მყიდველებთან. პირველი გაყიდვებიც უკვე შედგა. რასაც მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა. მეორე მხრივ - რით იქნება საინტერესო პროექტი როგორც საცხოვრისი, რა გზავნილი გაქვთ ინვესტორებისთვის, ასევე პოტენციური დამკვეთებისთვის, Corall Seaside Resort-ის მომავალი აქტივისა?

მოდი ასე ვთქვათ: დღეს რაც დავსტარტეთ, ეს ბროკერებთან კონტრაქტებია, დავიწყეთ პრისეილები (pre-sales). ოფიციალური გახსნა ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება და აუცილებლად დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს აუდიტორიას.

აპარტოტელის პროექტში აუცილებლად იქნება წარმოდგენილ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქსელი წარმოდგენილი, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერჯერობით თავს შევიკავებ ბრენდის გაჟღერებისგან. ასევე იქნება სრული კომპლექსი, მულტიფუნქციური დატვირთვით: აქ იქნება სპა-ცენტრები.. ლოკაცია და გარემო, რასაც შევქმნით გამორჩეული იქნება და მთავარია ხარისხი, რაც გვინდა დავიჭიროთ. დღეს ხარისხზე მნიშვნელოვნად გაზრდილია მოთხოვნები და ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი შედგება. ლოკაციის თვალსაზრისით, საოცარი ხედები და ჰაერია, ბათუმიდან მოშორებით, ქალაქში ვართ, მაგრამ ოდნავ მოშორებით ვართ, შესაბამისად, ეკოლოგიურად ძალიან სუფთა ადგილია, დაბინძურების გარეშე. ესეც საოცარ საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი პროექტი გამოვიდეს. და ზღვაც ძალიან სუფთა და კამკამაა იმ ზონაში, სადაც ჩვენ ვართ. ასე რომ, ყველა პოტენციალი გაგვაჩნია იმისა, რომ ძალიან წარმატებული პროექტი დავდოთ.

პროექტი ითვალიწინებს იახტ-კლუბის მოწყობას, რაც პროექტს გამოარჩევს. და ასევე პლაჟზე განთავსებული ბიჩ-კლაბი (Beach Club) იქნება, რისი ნაკლებობაც შეიმჩნევა რეზორტულ დანიშნულების ადგილებში ბათუმში. ასე რომ, ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულები ვიქნებით ბათუმის დეველოპმენტში.

- დეველოპერულ ბაზარზე მაღალხარისხიანი, ლუქს-სეგმენტის მხრიდან მოთხოვნის ზრდა ახსენეთ. რა დინამიკა იკვეთება, ლევან, ამ მიმართულებით და რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პროექტი მომავალი მცხოვრებლების და ინვესტორების მნიშვნელოვან ყურადღებას მიიზიდავს?

პროექტის დაწყების დროზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. ვარჩევდით სწორ მომენტს ბაზარზე შესასვლელად. ჩვენ ვიცით, რომ აჭარის გაყიდვები გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. თბილისში ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა. შესაბამისად, როდესაც ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის 90% უცხოელები არიან (ან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მოკლედ ესე რომ ვთქვათ), აქ ძალიან სწორი დრო უნდა შეარჩიო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, დღეს მივედით იქ, რომ მოთხოვნა გაზრდილია და გარკვეული კვლევებიც ამას გვიჩვენებს, რომ მაღალი მაღალი სეგმენტის უძრავ ქონებაზეა გაზრდილი მოთხოვნა. ამასთან, შეინიშნება გარკვეული ინვესტიციების გადმოდინება გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე ისრაელიდან, სადაც მეტ-ნაკლებად სტაბილურობის შეგრძნება დაიკარგა. ასევე ირანში მიმდინარე პროცესებიც გარკვეულწილად აისახება.

შესაბამისად, დღეს ის მომენტია და ვფიქრობ, რომ ეს მომენტუმი გამოსაყენებელია არა მარტო დეველოპმენტისთვის, არამედ ზოგადად ბიზნეს-სივრცისთვის, ბიზნეს-სოციუმისთვის და ეს ხელიდან გასაშვები ამბავი არ არის.

- მრჩება შთაბეჭდილება იმ ბიზნესერთობიდან გამომდინარე, რომელიც „მზიური გარდენსის“, „გრანდეს“ და „იბერკომპანი ჯგუფის“ ერთობით შეიკრა, რომ ეს იქნება Coral-ის ბრენდის ქვეშ პირველი, მაგრამ ნამდვილად არა უკანასკნელი პროექტი - მინდა, გკითხოთ გეგმების შესახებ — არის თუ არა რაიმე მონახაზები უკვე გაკეთებული?

მონახაზები გვაქვს. პირველი ვიტყოდი, რომ ამ პროექტში საკმაოდ დიდი ინვესტიცია იდება, რაც უნდა განვახორციელოთ პროექტში, სამშენებლო ნაწილის ღირებულება დაახლოებით 250 მილიონი დოლარია. ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში თუნდაც 0.001%-ით მონაწილეობას მივიღებთ.

გარდა ამისა, Corall-ის ბრენდის ქვეშ აუცილებლად განვითარდება, რამდენიმე მონახაზი გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ.

- რატომ ხდება, თქვენი დაკვირვებით და მათ შორის თქვენი ბიზნესჯგუფის გადაწყვეტილებითაც, აქცენტირება კურორტის - რეზორტის მიმართულებით? დავით გოგიჩაიშვილი, თქვენი პარტნიორები, კოლეგები, დარწმუნებული ვარ, ბევრ იდეას დადებენ, თუმცა საბოლოო ჯამში რით იქნება Corall Seaside Resort პირველ რიგში გამორჩეული?

პირველი ნაწილი რაც არის ხარისხი, თვითონ კომპლექსის ხარისხი, რომელიც აუცილებლად პრემიუმი იქნება; მეორე ეს არის მართვა, თვითონ მენეჯმენტი. როდესაც რეზორტის ტიპის ნომერს ყიდულობ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ობიექტიდან შემოსავალი რა გექნება. და ჩვენ უზრუნველვყოფთ მენეჯმენტს, რომ გაქირავდეს და დაგენერირდეს მოგება. ანუ მხოლოდ აქტივს არ ყიდულობ, ყიდულობ აქტივს, რომელიც მოგებას აგენერირებს და ეს ძალიან კარგი ნაზავია.

ასევე კომპლექსის ნაწილში, გამორჩეული ხარისხი მომსახურების იქნება უზრუნველყოფილი იმ სასტუმროს ხარჯზეც, სადაც ძალიან მაღალი მოთხოვნები და სტანდარტებია. და ლოკაცია, ლოკაცია და ლოკაცია — სამი L-ის პრინციპი, რომელიც გამორჩეულს ხდის თვითონ მთელ კომპლექსს.

- რა მოცულობის საინვესტიციო ნაკადს შექმნის თავად პროექტი?

რა საინვესტიციო ნაკადსაც ველოდებით ჯამში 400-500 მილიონის ფარგლებშია, აქედან 90-95% უცხოეთიდან მოზიდული თანხებია. ამიტომ ეს ძალიან პოზიტიურად, ორმაგად პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ასევე დასაქმების ნაწილში: მშენებლობის პროცესში დაახლოებით 300-დან 400 ადამიანამდე იქნება დასაქმებული (გარკვეულწილად რაღაც მომენტებში შეიძლება 1000-მდეც ავიდეს), მაგრამ შემდეგ უკვე თვითონ ობიექტებზე მუდმივად 300-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ამ პროექტის განვითარებით შექმნილი ეფექტი ქვეყნისთვის და ბათუმისთვის უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები