„თვეზე ნაკლები დარჩა ოფიციალურად საზღვრების გახსნამდე და ზუსტად არ ვიცით თუ რა რეგულაციები ვრცელდება ტურისტებზე. არიან მსურველები, ვისაც უნდათ საქართველოში ჩამოსვლა და მიმართეს ბერლინში საქართველოს საელჩოს, საიდანაც გამოითხოვეს ინფორმაცია, თუ რა საბუთები სჭირდებათ იმისათვის, რომ საზღვარი გადმოკვეთონ საქართველოში, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ საელჩოს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე“- ამის შესახებ BMG-სთან „ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი ჩვენ არ ვიცით რას ვითხოვთ საქართველოში ჩამოსული ტურისტებისგან, ეს ქმნის ქაოსს და გაურკვევლობას ინდუსტრიაში.
„ბუნდოვანია ასევე როგორ მოხდება საქართველოში საზღვრების გახსნა, როდესაც ჩვენს სამეზობლოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და დაავადებათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ თუ გვექნება მოთხოვნა, რომ ყველა ჩამოსულმა უნდა გაიაროს თავის ქვეყანაში და იქონიოს თან Covid-19-ის ტესტის ჩატარების დოკუმენტი, მაშინ გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ამ საბუთის აღება კორუფციული გზებითაც შესაძლებელია და კითხვა ვართ თუ არა მზად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, ჯერჯერობით პასუხი გაურკვეველია,“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები, ალტერნატიულ სამსახურს ეძებენ, რადგან უკვე რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, ხოლო ტურიზმის სექტორში არსებული გაურკვევლობა არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ მომავალი დაგეგმონ, ამიტომაც ითხოვენ მთავრობასთან კომუნიკაციას და მეტ კონკრეტიკას, სამომავლოდ საქმიანობის გასაგრძელებლად.