მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინა მთავრობის დროს იყო იდეა, როგორ შეექმნათ წყალტუბოში "ქართული ლას-ვეგასი"|ცოტნე ჯაფარიძე

ცოტნე ჯაფარიძე

ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში არსებობდა იდეა, მთელ საქართველოში აკრძალულიყო კაზინოები და წყალტუბოში “ქართული ლას-ვეგასი“ შეექმნათ.

ამის შესახებ ცოტნე ჯაფარიძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზაციის და შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესების პერპსექტივა იყო.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასი ჯამში 49.2 მილიონი ლარია, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის, დღგ-ის გარეშე, ჯამურად არანაკლებ 314.013 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ “წყალტუბოს აღორძინებას” და სანატორიუმების გაყიდვას ხელისუფლება უკვე წლებია ცდილობს. ჯერ კიდევ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ თავად გამოისყიდდა ობიექტებს და კურორტს აღორძინებდა, თუმცა დაპირებას საქმე არ მოჰყოლია. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროცესის შეფერხება პანდემიასა და შემდგომ ბიძინა ივანიშვილის "დე-ფაქტო სანქციებს" დაუკავშირა.

ცოტნე ჯაფარიძის აზრით, სასტუმროების ბიზნესში არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე, ჩვეულებრივი ტურისტული ობიექტების განვითარება ასეთ მასშტაბურ ინვესტიციას ვერ გაამართლებს.

მისი თქმით, წყალტუბოს აღორძინებისთვის საჭიროა, განსაკუთრებულად მაღალმარჟიანი ბიზნესმოდელის შემუშავება და ინვესტორებისთვის შეთავაზება.

„საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი საკმაოდ დიდ შემოსავალს აგენერირებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სექტორს მოსაკრებლებსა და გადასახადებს ხშირად უზრდის. ჩვენს რეგიონში - აზერბაიჯანში, თურქეთსა თუ ირანში - გემბლინგი საერთოდ აკრძალულია. შესაბამისად, ბათუმი ნამდვილ რეგიონულ ჰაბად იქცა, სადაც, მაგალითად, ისრაელიდან თუ სხვა ქვეყნებიდან უამრავი ტურისტი სპეციალურად კაზინო-ტურებით ჩამოდის.

წინა ხელისუფლების პერიოდში იყო იდეა, რომ სამორინეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულიყო და წყალტუბოში, სწორედ ამ ისტორიულ შენობებში, „ქართული ლას-ვეგასი“ მოწყობილიყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს პროექტი წარსულს ჩაბარდა.

ამდენად, რადგან ეს ბიზნესი ქვეყანაში ლეგალურია, უამრავ ადამიანს ასაქმებს და ბიუჯეტში გადასახადები შეაქვს, წყალტუბოს ხელახლა ასაშენებლად ეს საკმაოდ პრაგმატული იდეა იქნებოდა. კურორტი იმხელა ინვესტიციას მოითხოვს, რომ დანახარჯები მხოლოდ განსაკუთრებულად მაღალმარჟიანმა ბიზნესმა შეიძლება გაამართლოს - ეჭვი მეპარება, დღეს მხოლოდ სტანდარტულმა სასტუმროების ბიზნესმა ასეთი მასშტაბი ამოქაჩოს”, - განაცხადა Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, ცოტნე ჯაფარიძის აზრით, წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შენობების მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და ასევე, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატია.

“წყალტუბოში მდებარე შენობები თავის დროზე მართლაც უნიკალური იყო, თუმცა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩემი შეფასებით, თუმცა მშენებელი ან არქიტექტორი არ ვარ, მათ რეაბილიტაციას ბევრად მეტი სახსრები დასჭირდება, ვიდრე ნულიდან აშენებას. ეს ერთი მხარეა. მეორე და მთავარი საკითხი კი ის არის, თუ როგორ წარმოგვიდგენია რომელიმე ნორმალური, დამოუკიდებელი ინვესტორის ჩამოსვლა და კაპიტალის დაბანდება ქვეყანაში, სადაც “ნამახვანჰესის” მსგავსი საარბიტრაჟო დავის შემთხვევები გვაქვს”, - ამბობს Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები