ტურიზმის სექტორისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, - „თრეფიქ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით პრობლემური იყო გუდაური-ყაზბეგის გზის რეაბილიტაცია, რომელიც აქტიურ ტურისტულ სეზონს დაემთხვა.
ჯაფარიძის თქმით, გზის კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც ერთი ზოლი მოქმედებდა, გადაადგილება მნიშვნელოვნად ფერხდებოდა. მისი განცხადებით, საცობში ტურისტებს დაახლოებით ორი საათის გატარება უწევდათ.
"შუა ზაფხულში, გახურებულ სეზონზე დაიწყეს გუდაური-ყაზბეგისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია. არის ერთი ხიდი, რომელიც ალბათ დაახლოებით 20 მეტრია, ვერ მორჩნენ უკვე მერამდენე თვეა - მეხუთე თვე მიდის. ამ ხიდზე ერთ ზოლში მოძრაობაა დაშვებული მარტო და არის კატასტროფა. 2 საათი გვიწევს იქ დგომა, საცობი, მტვერი, ტალახი, არეულობა", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, გზებზე არსებული მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება ტურისტის გამოცდილებას და, შესაბამისად, ქვეყნის ტურისტულ იმიჯსაც: "ერთხელ რომ წავა ყაზბეგში ადამიანი, ამხელა საცობს რომ ნახავს, მეორეჯერ როგორ უნდა მოუნდეს ყაზბეგში წასვლა ან საერთოდ საქართველოში ჩამოსვლა?!", - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მისი თქმით, მხოლოდ გზებით არ შემოიფარგლება. გუდაური ზამთრის სეზონს კვლავ პარკინგის, საბაგიროების, სასრიალო ტრასებისა და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხების პრობლემებით ხვდება.
"გუდაურის სეზონი დაიწყო იმ პრობლემებით, რომელიც ყოველ წელს გვაქვს ხოლმე: პარკინგი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, პრობლემები საბაგიროებზე, სასრიალო ტრასები არამარკირებული, არანაირი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა", - განაცხადა „თრეფიქ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.
ჯაფარიძის თქმით, გუდაურში ახალი ცვლილებების შესახებ განცხადებები სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გაკეთდა, რის გამოც გაურკვეველია, რამდენად მოესწრება მათი განხორციელება.
„გუდაურში ძალიან კარგი ცვლილებები დააანონსეს, მაგრამ რამდენად შეასრულებენ, არ ვიცი. ეს დაანონსება მოხდა თითქმის იმ პერიოდში, როცა უნდა დაწყებულიყო სეზონი. დეკემბერში დაიწყება სეზონი და ეს განცხადება დაიდო ერთი თვის წინ დაახლოებით“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის არსებობის შემთხვევაში კურორტს სეზონის უფრო ადრე დაწყება და გახანგრძლივება შეეძლებოდა.
























