“Wine of Freedom” - ასე ჰქვია სამოქალაქო აქტივისტის და ტურისტული კომპანია Traffic Travel Georgia-ს დამფუძნებელ ცოტნე ჯაფარიძის კომპანიას, რომელიც ბუნებრივ ღვინოებს აწარმოებს.
ცოტნე ჯაფარიძის თქმით, ბრენდის დასახელება პირდაპირ უკავშირდება მის სამოქალაქო პოზიციასა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას.
„სანამ შეგვიძლია, სულ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს დადებითისკენ. სხვაგვარად არც მეღვინეობას, არც ჟურნალისტიკას და არც ტურიზმს აზრი არ ექნება. ღვინის კომპანიის სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს - Wine of Freedom-იც ბრძოლის ნაწილია”, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები იყო, ცოტნე ჯაფარიძემ საკუთარი ღვინის ბრენდის ფილოსოფიასა და ქართული ღვინის დარგში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
კომპანია „Wine of Freedom“-ის ვენახები და მარანი ქართლში, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში აქვს, სადაც სტუმრებს დეგუსტაციებსა და ლანჩებს სთავაზობენ.
"მთლიანად ორიენტირებული ვართ ბუნებრივ ღვინის წარმოებაზე - არანაირი შხამქიმიკატები და ქიმიური დანამატები. ჯერჯერობით, წლიურად 3000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ - მშრალ და ცქრიალა ღვინოებს, რომელთაც საქართველოში ვყიდით. მირჩევნია, ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური სიტუაცია იყოს, ექსპორტი არც მჭირდებოდეს და ადგილობრივი ბაზარი სრულად ითვისებდეს პროდუქციას”, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე, თუმცა კომპანიის სამომავლო გეგმებში ექსპორტიც შედის.
“წერტილთან” ინტერვიუში „Wine of Freedom“-ის დამფუძნებელმა, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმით გამოირჩევა, ისაუბრა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ შესაძლო ემბარგოსა და ქართული ღვინის ექსპორტის მაღალ დამოკიდებულებაზე (დაახლოებით 64%) რუსულ ბაზარზე.
ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, ერთ ბაზარზე ასეთი დამოკიდებულება უდიდესი რისკია, რომლის გაკვეთილიც ქვეყანას ჯერ კიდევ 2006 წელს უნდა ესწავლა.
"რუსეთის ბაზარზე შესვლა [სწრაფი ფულის შოვნის] გზაა, თუმცა ყველაფერი ფულით არ იზომება. პროდუქცია არ უნდა გაყიდო ქვეყანაში, რომელსაც შენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. 2006 წლის ემბარგომ მკაფიოდ გვაჩვენა, რა საფრთხის შემცველია ამ ბაზარზე დამოკიდებულება. გარდა ამისა, რუსეთში გატანილი ღვინის საშუალო ფასი, დაახლოებით, 2 დოლარია, მაშინ როცა ევროპაში ნატურალური ღვინის ფასი 10 ევროდან იწყება. ბუნებრივ ღვინოს მეტი შრომა სჭირდება, თუმცა ევროპულ ბაზარზე ეს შრომა ჯეროვნად ფასდება. მინიმუმ ბაზრის დივერსიფიკაცია მაინც უნდა მოხდეს, რომ რუსეთის მიერ ბაზრის მორიგი ჩაკეტვის შემთხვევაში კომპანიები გაკოტრებას გადაურჩნენ”, - აღნიშნა მან.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - “წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყნის რუსეთიზაციას. აუცილებლად უნდა გადავიდეთ დასავლურ რელსებზე და ამ ჭირს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვშორდეთ”, - თქვა ცოტნე ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
























