შრომის ინსპექცია 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. გასულ წელს სახელმწიფო სსიპ-ის ერთ-ერთი ფუნქცია იყო, გაეკონტროლებინა, რამდენად იცავენ კომპანიები Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის, სსიპ-შემოსავლების სამსახურის, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურებისა და საპარტულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით განხორციელდა 57 290 აქტივობა 12 778 ობიექტზე: საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, კაფე-რესტორნებზე, სასტუმროებსა და სილამაზის სალონებზე. ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემოწმებების შედეგად, აკრძალული საქმიანობა შეუჩერდა 201 ობიექტს; დაჯარიმდა - 196, ხოლო დაილუქა - 35. განმეორებითი დარღვევის გამო საქმე კრიმინალურ პოლიციას გადაეცა 26 შემთხვევაში.
აქტივობათა უმეტესობა მოიცავდა კონტროლისა და ზედამხედველობის სხვადასხვა სახის გამოყენებას. კერძოდ:
- საქმიანობის აღდგენის საფუძვლით განხორციელებული ინსპექტირების შედეგად მოთხოვნები დააკმაყოფილა - 616-მა ობიექტმა, ხოლო 151 განაცხადი დახარვეზდა;
- ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა 44 361 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება; ბიზნეს სექტორის ინფორმირებისას აკრძალული საქმიანობა შეუჩერდათ - 201 ობიექტს;
- რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა 911 ობიექტი;
- საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით დაჯარიმდა 196 ობიექტი (107 იურიდიული და 89 ფიზიკური პირი);
- საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული პროტოკოლის დარღვევისთვის შრომის ინსპექციის მიერ დაილუქა 35 ობიექტი (23 იურიდიული და 12 ფიზიკური პირი);
- ბიზნეს სექტორისთვის ცნობიერების ამაღლების შემდგომ, გადამოწმებისას დადგინდა, რომ შემოწმებული ობიექტებიდან 10793 ობიექტი პროტოკოლის დაცვით ახორციელებდა საქმიანობას
- რეკომენდაციების განმეორებით დარღვევის საფუძველით კი 26 ობიექტი გადაეცა კრიმინალურ პოლიციას შესაბამისი რეაგირებისთვის.




























