მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

covid-ის მართვის ხარჯები წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს - ბიუჯეტში ცვლილებებია

619bb0baa9f37
მარიამ ვარადაშვილი
22.11.21 19:00
702
მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხარჯებს 376 მილიონი ლარით ზრდის, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნენებში აისახება. ამის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტშია მოცემული.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 468,9 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 376,0 მლნ ლარით. აღნიშნული ზრდა მთლიანად წარმოადგენს პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რაც მოიცავს საწოლების მობილიზებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, ტესტირების ხარჯებს და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე ვაქცინაციის მოცვის გაზრდისთვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაში) აღსანიშნავია, რომ დამატებით გამოყოფილი თანხიდან 250,0 მლნ ლარამდე არის უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება", - წერია დოკუმენტში.

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის დამატებითი ფინანსების საჭიროებაზე დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც ისაუბრა და განმარტა, რომ გაზრდილი ხარჯები საგადასახადო შემოსავლების ზრდით დაბალანსდება.

"დღეს პალამენტში გაიგზავნება მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება, რაც გულისხმობს ძირითადად ხარჯების ზრდას ჯანდაცვის მიმართულებით, დაახლოებით, 375 მლნ ლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი მოიცავს კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებს, კოვიდის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას, რაც მიმდინარე წელს იქნება დაფინანსებული.

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ  ხდება საშემოსავლო ნაწილის ზრდა მიმდინარე წელს, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით წლის ბოლოს შემცირდება", - განმარტა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ პანდემიასთან დაკავშირებით ხარჯებისთვის თავდაპირველად 850 მილიონი ლარი გამოყო. რაც შეეხება მომავალ წელს, ამ კუთხით ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, უწყება არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხვა ხარჯების შემცირების გზით, კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დამატებითი ფინანსები მიმართოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები