მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროსთვის კორონავირუსთან ბრძოლის ხარჯების ზრდას გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურძე აცხადებს, ცვლილება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა და ეკატერინე ტიკარაძის უწყებას დაფინანსება, დაახლოებით, 200 მლნ ლარამდე გაეზრდება.
საქმე ის არის, რომ 2021 წლის ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი 810 მლნ ლარითაა განსაზღვრული. 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში COVID-19-ის მართვისთვის 500 მილიონი ლარია ჩადებული.
“კონკრეტული თანხის თქმა, თუ რამდენით გავზრდით წელს covid-ის მართვის ხარჯებს, ცოტა რთულია. გვექნება დამატებითი განხილვა ჯანდაცვის სამინისტროსთან; რასაც პანდემიის დინამიკას ვუყურებთ, ვგულისხმობ ინფიცირებულთა რაოდენობას და ასევე მათ, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა სჭირდება, ვფიქრობთ, ის თანხები, რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტში, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება და დამატება მოგვიწევს.
თანხის ზუსტად თქმა, ჯერჯერობით, შეუძლებელია, რადგან სამინისტროსთან უნდა განვიხილოთ. სავარაუდოდ, ვფიქრობთ 150-200 მლნ ლარის ფარგლებში იქნება დამატება, რაც პანდემიასთან საბრძოლველად იქნება საჭირო. ეს უმეტესწილად ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხარჯებია,” -აცხადებს კაკაურიძე.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სამინისტროს გაზრდილ ხარჯებს ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლი ხსნის. ასევე ამბობს, რომ წლის ბოლომდე, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენაც დასჭირდეთ.
“სამწუხაროდ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალი რჩება. თავდაპირველად, პროგნოზულად ასეთი მაღალი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მოლოდინი არ გვქონდა, თუმცა დელტა შტამმა და ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ ჰოსპიტალური სექტორი უკიდურესად დატვირთული რჩება. აქედან გამომდინარე, ეს დამატებით რესურს საჭიროებს”, - აცხადებს გაბუნია.




























