ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე მუშაობს და როგორც კი შესაძლებელი იქნება, საქართველო მას ერთ-ერთი პირველი მიიღებს.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ყველა ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზება, რათა ვაქცინის ტრანსპორტირება და მოგვიანებით საქართველოს მასშტაბით გადანაწილება მოხდეს. „ეს არის მიმდინარე პროცესი და იმ თარიღში, როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს მას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, შესაბამისი კითხვის პასუხად მინისტრმა თქვა, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს არჩევანს საქართველო და ასევე, პირველ რიგში, საზოგადოების რომელ ჯგუფებს აცრიან.
"მიდის მსჯელობა, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან, პირველ რიგში. მეცნიერები ჯერ არ შეჯერებულან. შესაძლოა, პირველ რიგში აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან გამავრცელებლები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან.




























