მსხვილი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ფინანსური მდგომარეობა თვალისმომჭრელი ტემპით უარესდება. ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა და ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 7.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
Credit Suisse-ის დაღმასვლა ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების დაგვიანებასთანაა დაკავშირებული, რისი განმაპირობებელი მიზეზიც აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნაა, რომელიც აუდიტირებულ დასკვნას გარკვეული გადაცდომების გამო არ ადასტურებს.
გარდა ამისა, Credit Suisse-ის უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის დამატებითი კაპიტალის მიწოდება ვერ მოხერხდება და Credit Suisse-ს საკუთარი ფინანსური რესურსებით მოუწევს პრობლემებთან გამკლავება.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის ეროვნული ბანკი Credit Suisse-ის 10%-იან წილს ფლობს, ინვესტიციის დამატებით გაზრდისთვის კი აქციონერების მხრიდან ნებართვის მიღებაა აუცილებელი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელს Credit Suisse-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა, Harris Associates Capital-მა კომპანიის 10%-იანი წილი სრულად გაყიდა. HAC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გაზრდილი განაკვეთების ფონზე, დასავლური საფინანსო ორგანიზაციები და კომერციული ბანკები რეკორდული მოგების გენერირებას ახერხებენ, Credit Suisse-ი კი ზარალზე გადის, რაც კომპანიაში ინვესტიციის შენარჩუნებას არარაციონალურ ქმედებად აქცევს.
შეგახსენებთ, რომ გასული 2022 წელი Credit Suisse-მა $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
უაღრესად არასახარბიელო ფინანსური შედეგები "რესტრუქტურიზაციის რადიკალური" სტრატეგიითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ბანკის უმსხვილესი კლიენტები ანგარიშებს ხურავენ და Credit Suisse-დან აქტივების გატანას უჩვეულოდ მაღალი ტემპით ცდილობენ.
მოგეხსენებათ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება. ბანკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.
ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 85%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად $7 მილიარდს შეადგენს, ნაცვლად 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდისა.
ვრცლად შვეიცარიული ბანკის დაღმასვლის ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ: როგორ აღმოჩნდა Credit Suisse კოლაფსის ზღვარზე?