მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Crowne Plaza: მინიმუმ ერთი წელი დაგვჭირდება იმ ნიშნულზე დასაბრუნებლად, რაც გასულ წელს გვქონდა

5f19837734c61
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.20 09:40
1183
ბორჯომში მდებარე სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში” დატვირთულობა 60%-მდე მერყებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი ლიკა მიქაშავიძე განმარტავს, სასტუმროს დატვირთულობას მისი ადგილმდებარეობა განაპირობებს, თუმცა, ამ აქტივობით პანდემიამდე არსებული მაჩვენებლის დაბრუნებისთვის 1 წელი მაინც დასჭირდებათ.

„ქრაუნ პლაზაში განთავსების ღირებულება 35%-ით შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სასტუმრო საკურორტე ზონაში მდებარეობს მეტ-ნაკლებად მაინც დატვირთულები ვართ და სასტუმროს დატვირთვა 60%-მდე მერყეობს.

რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებთ მთავრობის მიერ საშეღავათო პერიოდების დაწესებას, თუმცა პრობლემა ის არის, რომ შიდა ბაზარი ნაკლებად გადახდისუნარიანია, ვიდრე უცხოელი ტურისტები. ამიტომ ფასები სასტუმროებში და მათ შორის ჩვენს სასტუმროშიც დაეცა. გარდა ამისა უსაფრთხოების ნორმების შესრულებიდან გამომდინარე ხარჯები გაგვეზარდა, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ერთი წელი დაგვჭირდება იმ ნიშნულზე დასაბრუნებლად, რაც გასულ წელს გვქონდა“, - განაცხადა სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა.

„ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ დიდი მოლოდინები ფრენების აღდგენის შემდეგ არ აქვთ, რადგან უცხოელებში მოგზაურობისთვის მზაობა დაბალია.

„ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად და ეფექტურად აღდგება მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებს შორის. როგორც ვიცით 5 ქვეყნის მიმართულებით ფრენები აგვისტოდან აღდგება, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო განსაკუთრებული ნაკადი და მომართვიანობა ტურისტული სექტორის მხრიდან ჯერჯერობით არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყნებს გავუხსნით საზღვრებს, თუმცა გვესმის, რომ ამ მხრივ ეპიდსიტუაციაზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნა „ქრაუნ პლაზას“ გაყიდვების მენეჯერმა.