მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპას არ უნდა მოვეშვათ“ - ია თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ხარვეზებსა და გაუმჭვირვალე ხარჯებზე

ჩინელი ტურისტები

ტურიზმის ანალიტიკოსის, ია თაბაგარის შეფასებით, საქართველომ ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ევროპულ ბაზარს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. მისი თქმით, ევროპელი ვიზიტორების მოზიდვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემოსავლების ზრდისთვის, არამედ მომსახურების ხარისხის, მდგრადი ბიზნესებისა და კულტურული გაცვლისთვისაც.

როგორც თაბაგარმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ტურიზმის სტატისტიკა სრულ სურათს ვერ აჩვენებს, რადგან საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემები საკმარისად დეტალური არ არის. მისი შეფასებით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ტურიზმის წარმატების შესაფასებლად საკმარისი არ არის.

„ძალიან რთული სათქმელია, რამდენად რეალურად ასახავს ეს რიცხვები ტურიზმში არსებულ მდგომარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკა ჩაშლილი არ არის და დეტალები უბრალოდ არ არსებობს, რომლებიც გაზიარებული იქნებოდა როგორც საზოგადოებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის. სტატისტიკას რომ გადავხედავთ, პირველ ადგილზე რუსეთია რაოდენობრივად, თუმცა სახელმწიფო არ საუბრობს იმაზე, რაოდენობრივად შემოსული რუსეთის მოქალაქე ტურისტია თუ ვინ არის.

ევროპას არ უნდა მოვეშვათ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ის ჩვენი ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ეს მხოლოდ შემოსავალი არ არის, ეს არის კულტურის გაზიარება, მაღალი ხარისხი, მდგრადი ტურიზმი და მდგრადი ბიზნესები“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

ანალიტიკოსის თქმით, ევროპული ბაზრის მოსაზიდად მარკეტინგულ კამპანიებთან ერთად აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება. ამასთან, მიიჩნევს, რომ ტურიზმის პოლიტიკის შემუშავებაში კერძო სექტორი უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, ხოლო მარკეტინგული ხარჯები და მათი შედეგები გამჭვირვალე უნდა იყოს.

„კერძო სექტორი თავს არ ზოგავს, თუმცა მას ნაკლებად ეკითხებიან და ეს ყოველთვის პრობლემა იყო საქართველოში. ქვეყანა ტურიზმის სტრატეგიას ქმნის, ტურიზმი კი ბიზნესია, მაგრამ ბიზნესს უბრალოდ არ ეკითხებიან, საით უნდა წავიდეს ეს ყველაფერი და როგორ. ტურიზმი პოლიტიზებული გახდა.

არც ხარჯებია გამჭვირვალე და არც ქმედებები. ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც უკავშირდება, სადაც თავად ტურიზმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 20 მილიონი აქვს დასახარჯი. თუმცა, მგონი, არავინ იცის, ეს თანხა რაში იხარჯება, უკვე დაიხარჯა თუ როდის დაიხარჯება“, - აღნიშნა მან.

თაბაგარის შეფასებით, საქართველოს ტურისტულ ბაზარზე კონკურენციას მეზობელი ქვეყნები უწევენ, ამიტომ ევროპელი ვიზიტორების მოსაზიდად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მარკეტინგული აქტივობები, არამედ ხარისხიანი ტურისტული პროდუქტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები