მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტულ რეგიონებში მცირე ბიზნესს მეტი შეღავათი უნდა ჰქონდეს - ია თაბაგარი

თაბაგარი

ტურიზმის ანალიტიკოსის, ია თაბაგარის შეფასებით, საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია საგადასახადო შეღავათები, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

როგორც თაბაგარმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ტურისტული ბიზნესების საჭიროებები სეზონისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება, ამიტომ საგადასახადო პოლიტიკამ ეს გარემოებები უნდა გაითვალისწინოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის წახალისება.

„ძალიან ბევრი ობიექტი, როგორც მთაში, ისე ბარში და ზღვისპირეთში, სეზონურია. არ შეიძლება, ბიზნესმა ყველა სეზონზე ერთნაირი გადასახადები იხადოს, რადგან ამას ძალიან მტკივნეულად განიცდის. მცირე ბიზნესები სასწრაფოდ უნდა განვითარდეს და მათ გარკვეული პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს შეღავათები უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობას ეხება.

თუ გვინდა, რომ საგადასახადო კუთხით ხელი შევუწყოთ ბიზნესს, მაშინ ბევრად მეტი პრივილეგია უნდა ჰქონდეთ ადგილობრივებს ხევსურეთში, თუშეთში, სვანეთსა და ნებისმიერ მთიან რეგიონში. ამ შემთხვევაში ისინი ადგილზე დარჩენას, მუშაობასა და საკუთარი საქმიანობის განვითარებას შეძლებენ. ამ ადამიანებმა უკვე შექმნეს მცირე ბიზნესის სხვადასხვა მოდელი, რომლებიც მუშაობს და ეს ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

ანალიტიკოსის თქმით, რეგიონებში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაც. მისი შეფასებით, მასპინძლობის სფეროზე ორიენტირებული კოლეჯები ახალგაზრდებს ადგილზე სწავლისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

„აუცილებელია სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა. სიღნაღი, მაგალითად, ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა. ვინც საქართველოში ჩამოდის და ზამთრის კურორტზე არ მიდის, ბევრი ზამთარშიც კახეთს სტუმრობს. სიღნაღი ისტორიული ქალაქია და ინტერესს იწვევს, მაგრამ ზამთარში იქ გარემო ხშირად ნაცრისფერი და ჩაბნელებულია, ახალგაზრდები ქუჩაში აღარ დადიან, რადგან წლების განმავლობაში აღარ არსებობს სასწავლებლები და კოლეჯები.

ბავშვები სკოლას ამთავრებენ და მიდიან, რადგან სხვაგან ეძებენ ახალ შესაძლებლობებს. მასპინძლობის კოლეჯების არსებობა თითოეულ რეგიონში, სადაც ტურიზმია ან მის სიახლოვესაა, ჰაერივით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა საკუთარ სახლთან ახლოს უნდა ჰქონდეთ. შემდეგ თავად გადაწყვეტენ, სად გააგრძელონ სწავლა, მაგრამ ამ შესაძლებლობის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფრის საფუძველია“, - აღნიშნა მან.

თაბაგარი ტურისტული ბიზნესის გამოწვევებს შორის კომუნალური მომსახურების ხარჯებსაც ასახელებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის საფასური მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია, განსაკუთრებით სეზონური შემოსავლების პირობებში.

ანალიტიკოსის შეფასებით, რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობა და დარგის წარმომადგენლების გამოცდილების გათვალისწინება გადაწყვეტილებების მიღებისას.

„ეს უნდა იყოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტენსიური თანამშრომლობა, უამრავი განხილვა. პირველ რიგში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ცოდნა, როგორ განახორციელოს ეს ყველაფერი, კერძო სექტორს კი, კონკრეტული ხედვა, რატომ უნდა გაკეთდეს ეს და რისი მიღწევა გვინდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და საერთოდ დიალოგი არ არის.

ტურიზმი ბიზნესია და ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. თუ გვინდა, რომ რეგიონები განვითარდეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს ადგილზე დარჩენა და ტურისტმა ხარისხიანი მომსახურება მიიღოს, ამ საკითხებზე სისტემური მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები